უკრაინულმა დრონებმა, 20 ოქტომბრის ღამეს, რუსეთში ნიჟნი-ნოვგოროდის რეგიონის ქალაქ ძერჟინსკში "სვერდლოვის" ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Kyiv Independent-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, ქარხანა საავიაციო და საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს და ქობინებს აწარმოებს. ოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, უკრაინის სამხედრო სადაზვერვო სააგენტოსა და სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის თანამშრომლობით განხორციელდა.
"უკრაინის უსაფრთხოების სამსახური "სვერდლოვის" ქარხნის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე მუშაობდა. ეკონომიკურ სანქციებს დავუმატეთ თვითმფრინავები, რომლებიც მყისიერ ეფექტს იძლევა. მტრის სამხედრო შესაძლებლობების შემცირებაზე მუშაობა გაგრძელდება," - განუცხადა წყარომ Kyiv Independent-ს.
"სვერდლოვის" ქარხანა 2023 წლიდან აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფება, რადგან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად ქარხნის მიერ წარმოებულ მასალას იყენებს.