უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა, ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიბიგამ განაცხადა, შეხვედრაზე "გამარჯვების გეგმა", "მშვიდობის ფორმულა" და უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების საკითხები განიხილა.
სიბიგას თქმით, თურქ კოლეგას ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის "გამარჯვების გეგმის" შესახებ მიაწოდა.
"მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ეს არ არის "მშვიდობის ფორმულის" შემცვლელი, არამედ მისი განხორციელების პრაქტიკული ინსტრუმენტი", - აღნიშნა სიბიგამ.
სიბიგას თქმითვე, თურქეთი უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის ისწრაფვის. ის ასევე ამბობს, რომ თურქ კოლეგასთან მოლაპარაკებებისას სამშვიდობო ინიციატივებს შორის კონკურენციისა და მსოფლიოს ბლოკებად დაყოფის თავიდან აცილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, თურქეთს შეუძლია ამაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება", - განაცხადა სიბიგამ.
თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკებების გარდა, ანდრეი სიბიგა ეროვნული თავდაცვის მინისტრთან, იაშარ გიულერთან და ვაჭრობის მინისტრთან, ომერ ბოლატთან შეხვედრას გეგმავს.