სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ-იოლმა განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის სამხედრო თანამშრომლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას.
”უკრაინაში ომი სამი წელია გრძელდება, ჩრდილოეთ კორეა არამხოლოდ აწვდის იარაღს რუსეთს, არამედ გზავნის იქ ჯარებს”, - თქვა მან კაბინეტის სხდომაზე.
სამხრეთ კორეის დაზვერვამ რამდენიმე კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდ. კორეამ ათასობით ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, მათ შორის ელიტარული სპეცრაზმი, ხოლო ვაშინგტონმა განაცხადა, რომ 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე უკვე ჩავიდა რუსეთში და წვრთნა გაიარა უკრაინის წინააღმდეგ ომში გაგზავნამდე.
„რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ეს უკანონო სამხედრო თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან საფრთხეს უსაფრთხოებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეუქმნას ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას, ჩვენ ყურადღებით უნდა გამოვიკვლიოთ ყველა შესაძლებლობა და მოვამზადოთ პასუხები.” - მიმართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მთავრობის წევრებს.
უკრაინის დაზვერვამ გასულ კვირას გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ რუსეთში გაწვრთნილი პირველი ქვედანაყოფები უკვე ჩავიდნენ კურსკის რეგიონში. ეს მონაცემები ორშაბათს ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც დაადასტურა.