ამერიკელი კონგრესმენები: მაიკ ტერნერი და ჯერი კონოლი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო შესაძლებლობა საქართველოს დაემტკიცებინა, რომ მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული. თუმცა კამპანიის რიტორიკის, მიღებული კანონებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ თავდასხმების გამო, საქართველოს მთავრობამ ეს ვერ დაამტკიცა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვით, ამომრჩეველთა დაშინებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებითა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით.
26 ოქტომბრის არჩევნები წარმოადგენდა საქართველოსთვის ფასდაუდებელ შესაძლებლობას, დაემტკიცებინა საერთაშორისო საზოგადოებისთვის, NATO-ს და EU-სთვის, რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული.
სამწუხაროდ, კამპანიის რიტორიკით, დასავლეთის დადანაშაულებით რუსეთის აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, "უცხოური აგენტების" კანონმდებლობის მიღებით სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად და პოლიტიკური ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებზე პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ეს [რომ საქართველო მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული] ვერ დაამტკიცა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და EU-ში გაწევრიანებისგან.
საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, რათა ხმა მიეცათ მოქმედი პარტიისთვის და უარი გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე, არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიიდან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით," - ნათქვამია განცხადებაში.