კორონა ვირუსის მეორე ტალღა მსოფლიოში - რა ზომებს იღებენ ქვეყნები

გამოქვეყნდა:

კორონა ვირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან ერთად იცვლება მასთან ბრძოლის მეთოდებიც. სექტემბერში ვირუსის მომატებულ შემთხვევებთან საბრძოლველად ქვეყნებმა სხვადასხვა ზომები მიიღეს. 

23 სექტებრის მონაცემებით, ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი კოვიდ ინფიცირებული ესპანეთში, კერძოდ კი მადრიდში გამოვლინდა. ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში ამჟამად კარანტინია გამოცხადებული, რასაც მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებს.

დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდაა საფრანგეთშიც, რასაც ხელი არ შეუშლია სკოლების, კაფეებისა და რესტორების გახსნისთვის. აღსანიშნავია, რომ მთავრობამ გარკვეულ რეგიონებში სავალდებულო გახადა 11 წელს მიღწეული პირებისთვის დახურულ და ღია სივრცეში ნიღბის ტარება. 

მიუხედავა იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობით ბრაზილიამ ესპანეთსა და იტალიას უკვე გადაასწრო და მსოფლიოს მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მთავრობა დამატებით ზომებს არ იღებს. გახსნილია კაფე-ბარები და პლაჟები, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი იკრიბება. 

მცირე, თუმცა, მოსალოდნელი ზრდის მიუხედავად გერმანიის მთავრობამ ბავარიის პროვინციაში ზომები გაამკაცრა, რაც გულისხმობს ერთ სივცრეში შეკრებილი პირების რაოდენობის გაკონტროლებას და ნიღბების ტარების აცილებლობას. ამასთანავე, წითელი ზონის ქვეყნებიდან ჩამოსული პირებისთვის აუცილებელი გახდა აეროპორტში ტესტირების ჩატარებაც. 

იტალიაში, რომელიც მარტში ვირუსის გავრცელების ეპიცენტრში იყო, მიუხედავად უკმაყოფილებისა, ექვს თვიანი პაუზის შემდეგ სკოლები მაინც გაიხსნა. სავალდებულოა ნიღბის ტარება დახურულ სივრცეებში სულ, ღიაში კი, 18:00-იდან 6:00-მდე. 

სკოლები გაიხსნა ინდოეთის ექვს შტატშიც. მოსწავლეები ვალდებულნი არიან დაიცვან დისტანცია და ყოველთვის ეკეთოთ ნიღაბი. მარტის შემდეგ პირველად გაიხსნა ტაჯ მაჰალი, რომელსაც პანდემიამდე დღეში 70 000-მდე ვიზიტორი ჰყავდა, პანდემიის შემდეგ კი ეს რიცხვი 300-ს არ აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვირაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა სტატისტიკა იმაზე უფრო საგანგაშოა, ვიდრე მარტში პიკის დროს. 

კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა. დაიღუპა 900 000-ზე მეტი ადამიანი, თითქმის 24 მილიონი კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი