ნავალნის სრულად გამოსაჯანმრთელებლად და რუსეთში დასაბრუნებლად 1 თვე სჭირდება - გერმანია

გამოქვეყნდა:

ნოვიჩოკით მოწამლულ რუს ოპოზიციონერ ლიდერს, ალექსეი ნავალნის კიდევ 1 თვე სჭირდება სრულად გამოსაჯანმრთელებლად. ამის შესახებ მედიასთან გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, იაკა ბიზილმა ისაუბრა. სწორედ ბიზილი ხელმძღვანელობდა ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანას. 

“ნავალნი ჯერ კიდევ არაა ისეთ ფორმაში, როგორც მოწამვლამდე იყო. ძალების აღსადგენად მას მინიმუმ 1 თვე კიდევ დასჭირდება. შემდეგ კი აუცილებლად დაუბრუნდება რუსეთს და აღადგენს პოლიტიკურ საქმიანობას”- ამბობს იაკა ბიზილი. 

აქვე, 23 სექტემბერს რუსმა ოპოზიციონერმა Instagram-გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ მარცხენა ფეხს ჯერჯერობით სრულყოფილად ვერ იყენებს. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ალექსეი ნავალნი, 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ, ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს. 

პარალელურად კრემლს მისი პოლიტიკური დევნა უკვე დაწყებული აქვს - რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის პარტიის გაუქმება გადაწყვიტა.

ცნობისთვის, რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს

ნავალნის ოჯახის წევრები და მხარდამჭერები მისი ცუდად გახდომის დღიდან ამტკიცებდნენ, რომ ოპოზიციონერი პუტინის დაკვეთითაა მოწამლული. თავის მხრივ კრემლი  უარყოფს ამ ბრალდებას.

პუტინის კრიტიკოსი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს ევროკომისიამ განცხადება გაავრცელა და მოსკოვს ნავალნის გერმანიაში გაშვებისკენ მოუწოდა.

2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა და დაადასტურა, რომ ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკის" ნერვული აგენტითაა მოწამლული. 

ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამვლა პირველი შემთხვევა არაა. 2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად სწორედ ნოვიჩოკი გამოიყენეს.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი