თბილისის საქალაქო სასამართლოში არჩევნების გაყალბების საქმეზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ზურა გირჩი ჯაფარიძის გამოკითხვა დასრულდა. ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. მისი თქმით, კითხვები შეეხებოდა ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც საჯაროა და მათზე წვდომა საგამოძიებო უწყებას თავისუფლად შეიძლება ჰქონოდა.
"კითხვები ჰქონდათ ძირითადად იმ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც მე ჩავწერე, სადაც ვყვები გაყალბების სქემებზე, აინტერესებდათ მტკიცებულებები და რამდენჯერმე მომიწია მითითება ვებგვერდების მისამართების, სადაც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, არა მხოლოდ პროკურატურას შეუძლია ნახოს მტკიცებულებების წყება.
დანარჩენი კითხვები იყო მეტწილად ტექნიკური ხასიათის. ვებგვერდები აქამდე როგორ არ ჰქონდათ ნანახი არ ვიცი, ან ჰქონდათ და მაინც მეკითხებოდნენ. ვინმეს სჯერა რომ პროკურატურა რამეს გამოიძიებს? ესეც საარჩევნო გაყალბების გაგრძელებაა, აქეთ ჩვენ გვთხოვენ მტკიცებულებების მიტანას, როდესაც თვითონ უნდა ეძებდნენ ამ მტკიცებულებებს, რომლითაც სავსეა ინტერნეტი." - განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.
ადვოკატის თქმით, ყველა შეკითხვა დაკავშირებული იყო საჯარო წყაროებთან, რომელზე წვდომა ისედაც ექნებოდა საგამოძიებო უწყებას. ზურა ჯაფარიძის ინტერესების დამცველის თქმით, პროკურატურა დაკავებული უნდა იყოს ამ მტკიცებულებების მოძიებით და გამოკვლევით და არა პოლიტიკური ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებით.
რაც შეეხება პროკურატურის პოზიციას, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლის თქმით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს და იმ პირების გამოკითხვის შემდეგ, ვინც გაყალბებასთან დაკავშირებით განცხადებებს აკეთებდნენ, გამოკითხვებზე დაიბარებენ იმ პირებსაც, ვისზეც გავრცელებულ მტკიცებულებებში ხდება მითითება.