"პუტინთან დათმობებზე წასვლა მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის", - ამის შესახებ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
უნგრეთში მიმდინარე სამიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა ჩრდილოეთ კორეელი სამხედროების ომში ჩართვასა და რუსულ აქტივებზეც და აღნიშნა, რომ ეს ფული უკრაინას ეკუთვნის და მის აღდგენას უნდა მოხმარდეს.
"ჩრდილოეთ კორეა ახლა, ფაქტობრივად, ომს აწარმოებს ევროპაში. ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ევროპის მიწაზე ჩვენი ხალხის მოკვლას ცდილობენ.
[...]
ზოგიერთი მტკიცედ ემხრობოდა უკრაინის მხრიდან პუტინთან "დათმობებზე" წასვლას. ეს მიუღებელია უკრაინისთვის და თვითმკვლელობაა მთელი ევროპისთვის. რა არის შემდეგი ნაბიჯი? ევროპამ უნდა ეძიოს კიმ ჩენ ინის კეთილგანწყობა იმ იმედით, რომ ის შეუნარჩუნებს ევროპას მშვიდობას? ვერც ერთი ძლიერი ლიდერი, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი ევროპის აშენებაში, ვერც კი წარმოიდგენდა ასეთ რამეს. მშვიდობა მხოლოდ ძლიერის ჯილდოა. ამიტომ, ძლიერ ევროპას ალტერნატივა არ აქვს. სიძლიერისთვის კი ერთიანობა აუცილებელია.
[...]
პუტინთან ჩახუტება ვერ დაგვეხმარება. ზოგიერთი თქვენგანი მას 20 წელია ეხუტება და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ის მხოლოდ ომებზე ფიქრობს და არ შეიცვლება. მხოლოდ ზეწოლას შეუძლია მისი შეკავება.
[...]
რუსეთი არ აფასებს ადამიანებს და მორალს - ისინი მხოლოდ ფულს აფასებენ. ასე რომ, მათთვისაც გაკვეთილი იქნება, როდესაც რუსული აქტივები უკრაინაში იმუშავებს. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს უკრაინის ფულია. სწორედ უკრაინაში გაანადგურეს ასობით ქალაქი და სოფელი რუსმა ჯარებმა. მილიონობით ჩვენმა მოქალაქემ დაკარგა სახლი. ამას თანხები სჭირდება. ახლა კი, იმის ნაცვლად, რომ ვეძიოთ მიზეზები გადაწყვეტილების გადასაჭრელად, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მექანიზმი, რათა თანხები უკრაინაში გადავიდეს, რათა მათ რაც შეიძლება მალე დაიწყონ მუშაობა.
[...]
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რუსეთი ჯერ კიდევ იღებს საკმარის მოგებას ნავთობის გაყიდვიდან ომის გასაგრძელებლად, თავს არიდებს სანქციებს და ყიდულობს კომპონენტებს თვითმფრინავებისა და რაკეტებისთვის მთელს მსოფლიოში. რუსეთს ჯერ კიდევ აქვს უნარი დათესოს არასტაბილურობა რეგიონებში. ჩვენ გვჭირდება ბერკეტები პუტინზე. ისინი მთელ ევროპას სჭირდება და ერთად ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ შევაჩეროთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ვუპასუხოთ სხვა გამოწვევებს", - განაცხადა ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, 47 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მონაწილეობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იმართება. სამიტზე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ევროპის უსაფრთხოების გამოწვევების, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ესკალაციის, არალეგალური მიგრაციისა და გლობალური ვაჭრობის საკითხებზე მსჯელობენ.