ფურცელზე გამოჟონილი შავი ლაქა, რომელიც მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსთვისაა უხილავი | 24-საათიანი მარათონული განხილვის ქრონიკები

გამოქვეყნდა:

24-საათიანი მარათონული განხილვის მიუხედავად, სააპელაციო სასამართლომ ვერ დაინახა ის, რაც დაინახა მთელმა ქვეყანამ - თეთრ ფურცელზე გამოჟონილი შავი ლაქა. პროცესების დროს ნათლად გამოჩნდა, რომ სწორედ სასამართლოს ძალით ცდილობს ოლიგარქიული რეჟიმი უზურპირებული ხელისუფლების დეკლარირებას.

განსახილველი დარღვევები თვისობრივად სხვადასხვაგვარი იყო და ბიულეტენზე გაჟონილი შავი ლაქა მხოლოდ ერთი ეპიზოდია, თუმცა ყველა საჩივარი სააპელაციო ინსტანციაში გააერთიანეს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი თუ  არჩევნების ფარულობის ფუნდამენტური პრინციპის ტოტალურ დარღვევებს შეეხებოდა, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და  პოლიტიკური გაერთიანებების იურისტები 2024 წლის არჩევნებზე გამოვლენილ  სხვადასხვა სახის ასობით დარღვევის ფაქტს ასაჩივრებდნენ.   

არსებობს არაერთი დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, რომ ბიულეტენის უკანა მხარეს მელანი ჟონავდა და კიდევ ათასობით ვიდეო მტკიცებულება იმისა, რომ გაჟონილი ბიულეტენების ურნაში მოთავსებისას, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლი, რომელიც  კენჭისყრის ფარულობას ადგენს, ტოტალურად ირღვეოდა. 

ყველა ეს შემთხვევა, უმეტესწილად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, სისხლის სამართლის ნიშნების მატარებელი დანაშაული, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებსა და სხვადასხვა საარჩევნო უბნებში ხდებოდა. ზოგან ცალკეული შემთხვევა იყო, ზოგან დანაშაულების მთელი სერია,  შესაბამისად, ამ საქმეებს სხვადასხვა ფიგურანტები ჰყავდა და სხვადასხვა მტკიცებულებებით იყო გამყარებული. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი ცალ-ცალკე ინდივიდუალურად უნდა განხილულიყო.  სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს ასეც მოხდებოდა.

მოსამართლეებმა არც თავი აიცილეს და არც საქმეები გააცალკევეს და დაიწყო საქართველოს სამართალწარმოების ისტორიაში უპრეცედენტო პროცესი, რომელიც თავისი ფორმით მარათონს ჰგავდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიას გადაწყვეტილება იმ დრომდე არ გამოუცხადებია, ვიდრე კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე რამდენიმე წუთი არ დარჩა და ეს ზუსტად მაშინ გააკეთა, როცა თბილისში ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 

როგორც ქუთაისის ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება  გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ ამ საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში ვიხილავთ. ადგილობრივ დონეზე კი სიმართლის პოვნის კიდევ ერთი გზა,  საკონსტიტუციო სასამართლომდე მიდის, თუმცა ამ შემთხვევაში საქმეში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ან თავად საქართველოს პრეზიდენტი უნდა ჩაერთონ.   

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი