წარვადგინე ფაქტი, სადაც დედა საუბრობს, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია გარდაცვლილია და მაინც საარჩევნო სიაშია | ბუაძე გამოკითხვაზე

გამოქვეყნდა:

სასამართლოს წესით, პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით "ძლიერი საქართველოს" წევრი საბა ბუაძე გამოიკითხა. მისი თქმით, მან პროკურორს გამოკითხვის დროს მიაწოდა მტკიცებულებები პირის შესახებ, რომელიც გარდაცვლილია და საარჩევნო სიაში იყო, ასევე არასწორი მისამართების შესახებ. თუმცა საბა ბუაძის განცხადებით, ეს გამოძიება ფორმალურია და პროკურატურა სიმართლის გაგებას არ ცდილობს. 

"ეს არის წინასწარ ძალიან კონკრეტული, პოლიტიკური მოტივაციით შედგენილი შეკითხვები. მე დღეს წარვადგინე კონკრეტული ფაქტი, სადაც ვიდეოზე აღბეჭდილი არის გარდაცვლილი ადამიანის დედა, რომელიც საუბრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი შვილი 4 წელზე მეტია არის გარდაცვლილი, მაინც იმყოფება საარჩევნო სიაში.  ზუსტად ამიტომ ვითხოვთ ჩვენ, რომ გაიხსნას ვერიფიკაციის ყუთები და შემოწმდეს, რატომ აღმოჩნდნენ გარდაცვლილი ადამიანები საარჩევნო სიებში. 

პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას ზეგავლენაზე, არ აწარმოებს გამოძიებას არჩევნების უფლების ფარულობასთან დაკავშირებით. არანაირი მოლოდინი არ უნდა არსებობდეს პროკურატურისგან, რომ პროკურატურა ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამს ამასთან დაკავშირებით, სიმართლის დასადგენად," - განაცხადა ბუაძემ. 

ამის მიუხედავად, პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, რომ საბა ბუაძეს კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია.

მანვე აღნიშნა, რომ გამოძიების ფარგლებში ცესკო-ს არაერთი წარმომადგენელი დაიკითხა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ. 

"მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ ზოგადად, ასევე გამოთქვა მისეული შეფასებები და ვარაუდები, არჩევნების სავარაუდო გაყალბების შესახებ. თუმცა რაიმე კონკრეტული მტკიცებულება მას არ დაუსახელებია, მხოლოდ და მხოლოდ მიგვითითა 2 გარდაცვლილი პირის არსებობის შესახებ, საარჩევნო სიებში და ასევე დაასახელა ერთი გარემოება არასწორი მისამართის არსებობის შესახებ.

კონკრეტულ ინფორმაციას დაკითხული პირების და მათი ვინაობების შესახებ ვერ მოგაწვდით, თუმცა დაგიდასტურებთ, რომ გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის არაერთი წარმომადგენელი," - ამბობს პროკურორი, ლაშა ცქვიტარია

არჩევნების გაყალბების საქმეზე, პროკურატურის "გამოძიების" ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხება "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი