ეს არის ომის დამნაშავე პუტინის პასუხი მათ მიმართ, ვინც მას დაურეკა და მოინახულა | ანდრეი სიბიგა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მასირებულ სარაკეტო იერიშზე

გამოქვეყნდა:

დღეს დილით კიევის დროით 06:00 საათზე რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე და სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო იერიში განახორციელა.

როგორც უკრაინული მედია, სამხედრო ძალებზე დაყრდნობით წერს, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიას 120-მდე რაკეტით და 90 დრონით შეუტიეს. გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის დრონები, ფრთოსანი, ბალისტიკური და აერობალისტიკური რაკეტები: „ცირკონები“, „ისკანდერები“, „კინჟალები“.

არსებული ინფორმაციით, რუსების სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.

რუსებმა ნიკოლაევის საცხოვრებელ ნაწილს დაარტყეს, ქალაქში დაიღუპა 2 და დაიჭრა 6 ადამიანი, დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

ოდესის ოლქში რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 17 წლის ბიჭიც, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება. ასევე, მტრის თავდასხმის შედეგად დაზიანდა ოდესის რეგიონის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. რეგიონში შეფერხებულია გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

რუსი დამპყრობლების მასიური თავდასხმის შედეგად ლვოვის რაიონში ერთი ქალი დაიღუპა, ექვსი ათასი ადამიანი კი გათბობის გარეშე დარჩა.

უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთის უკანასკნელი მასირებული სარაკეტო შეტევა უკრაინაზე არის ომის დამნაშავე ვლადიმირ პუტინის პასუხი მათთვის, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა ან მოინახულა.

"რუსეთმა განახორციელა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო შეტევა: დრონები და რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების, მძინარე მშვიდობიანი მოსახლეობის, კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ეს არის ომის დამნაშავე პუტინის ნამდვილი პასუხი ყველას მიმართ, ვინც მას ცოტა ხნის წინ დაურეკა და მოინახულა. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე ძალით და არა დამშვიდება."- დაწერა სიბიგამ X-ზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი