პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით უკვე მიმართა.
მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელს წარმოებაში 3 დღეში გახდება ცნობილი. სასამართლოს შემჭიდროებული 30 დღიანი ვადა აქვს განხილვის დასაწყებად.
"საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს შეიტანა," - წერს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ორი კონსტიტუციური პრინციპის - ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. საუბარია, როგორც საქართველოს პარლამენტის, ასევე აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებზე.