შსს განცხადებას ავრცელებს და ამტკიცებს, რომ არც მათი და არც გდდ-ს თანამშრომლები წუხელ თსუ-ს არც შენობაში და არც ეზოში არ ყოფილან

გამოქვეყნდა:

თსუ-ს ეზოში მობილიზებულ ძალოვანებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და, მიუხედავად იმისა, რომ "მთავარმა არხმა" ამის ამსახველი არაერთი კადრი გადაიღო, ამტკიცებს, რომ არც მათი და არც გდდ-ს თანამშრომლები უნივერსიტეტის არც ეზოში და არც შენობაში არ ყოფილან.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ, - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი