EU-მ პუტინის პროპაგანდისტ თინა კანდელაკს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სიაში მოხვდა "გაზპრომ-მედია ჰოლდინგის" გენერალური დირექტორის მოადგილე, პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი.

ევროკავშირმა დღეს მე-15 პაკეტი დაამტკიცა, რომელიც მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

ევროკავშირის ოფიციალური პირების თქმით, კანდელაკი ეწევა პროპაგანდას, რომელიც ამართლებს რუსეთის აგრესიას უკრაინაში. მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი კანდელაკის მედია სტრუქტურები მონაწილეობდნენ უკრაინული ტელეარხების რუსულით ჩანაცვლებაში.

სანქცირებულებს შორის მოხვდნენ პოლიტოლოგი ტიმოფეი ბორდაჩევი, მომღერალი ლარისა დოლინა და Mordovia-ს ხელმძღვანელი არტიომ ზდუნოვი.

სანქციები დაუწესდა სამხედრო პერსონალს, რომელიც მონაწილეობდა 8 ივლისს, კიევში, ოჰმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე საარტილერიო თავდასხმაში, ენერგეტიკული კომპანიების მენეჯმენტს და პირებს, რომლებსაც ევროკავშირი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასა და პრორუსულ პროპაგანდაზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

სანქციების სიაში  ФСБ-ს ოფიცერი არტიომ კურეევი. ევროკავშირის თანახმად, ის კოორდინაციას უწევდა დეზინფორმაციის გავრცელების ოპერაციებს ევროპასა და აფრიკაში, წამოიწყო პროპაგანდისტული პროექტები Rusafro და African Initiative და ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომელიც დასავლეთს ადანაშაულებდა „ბიოლოგიური იარაღის შექმნის ექსპერიმენტებში“.

ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი