"მთავარ არხს" ატყობინებენ, რომ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის რუკები საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ვინმე დავით ხიდაშელმა გადასცა, რომელმაც დოკუმენტაცია მოსკოვის არქივებიდან ჩამოიტანა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა დღეს ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიამ შეთანხმება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ გააფორმა, თუმცა განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული რომელ პერიოდზეა საუბარი.
თუ კი დადასტურდება, რომ კომისია და მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, საქართველოს ტერიტორიების გასხვისების მიზნით, მაშინ გამოდის, რომ გარიგებაში ჩართული იყო არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის დროინდელი ან შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლება, არამედ აზერბაიჯანული მხარეც.
კარტორგრაფიულ რუკებზე კომენტარს ნიკა გვარამია აკეთებს, რომელიც ჯერ კიდევ გასულ კვირას, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ამბობდა, რომ საგამოძიებო უწყება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალს ამზადებდა. ნიკა გვარამია ასევე იმ პირზე საუბრობს, ვინც ხელისუფლების წყარო გახდა და მიაწოდა რუკები. აქვე გვარამია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ ინფორმაციის გასაჯაროვებას არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აპირებდა, მაგრამ "ჩვენ დავასწარით. ვთქვით, რომ ეს ინფორმაცია ვიცით".
"ჩვენ ვიცით როგორ შეიფუთა ეს საქმე და საიდან მოდის. ეს არის 1920-იანი წლების, ე.წ. „ერთა ლიგის“ რუკა, მაშინდელი სადელიმიტაციო რუკა, რომელიც ინახებოდა რუსეთში, რომელიც თვენახევრის წინ ჩამოიტანა და ფული გადაიხადა ამაში და ჩამოუტანა ბიძინა ივანიშვილს მისმა მეგობარმა, რუსმა ოლიგარქმა, ეთნიკურად ქართველმა, ეს არის დავით ხიდაშელი, რომელიც AFK სისტემის, სახელმწიფო რუსული კომპანიის, ერთ-ერთი მეწილეა და მას აქვს დაახლოებით 2 მილიარდი. ეს არის თვენახევრის წინ აქ მოხვედრილი რუკა და მოხვდა იმიტომ, რომ არა იმისთვის გამოეყენებინათ, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვათ და დელიმიტაცია აზერბაიჯანთან იმ სადავო ტერიტორიის მომხდარიყო ისე, როგორც იმ რუკების მიხედვითაა. არა, ეს რუკები საქართველოდან დიდი ხნის გამქრალია. ჩვენ ვიკვლევთ, როდის გაქრა ეს - შევარდნაძის დროს წაიღო ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ თუ არა და ამაზე გვაქვს ეჭვი, მაგრამ ჯერ არ ვიტყვით.
თუ თავის დროზე რუსეთმა გაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.ნებისმიერ შემთხვევაში, ეს რუკები არ არსებობდა აქ. თვენახევრის წინ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა ერთადერთი მიზეზით, რომ თქვან, რომ სადღაც მიფუჩეჩებული იყო და სააკაშვილს ეს ჰქონდა სადღაც შეკუჭული და სინამდვილეში „ყიდდა“ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანზე. ეს რუკები საქართველოს არ ჰქონია არასდროს. ეს კეთდება ოპოზიციის და კერძოდ სააკაშვილის წინააღმდეგ. ეს არის ბოდვა. მე არ ვიძახი რუკების ნამდვილობა-არა ნამდვილობაზე. ეს რუკები არის საქმის შესათხზველად აქ ჩამოტანილი და არა საქართველოს ინტერესების დასაცავად. ეს კეთდება სააკაშვილის წინააღმდეგ, ჩვენ ამაზე ვთქვით რამდენიმე დღის წინ და პროკურატურა იძულებული აღმოჩნდა, ეს დაეჩქარებინა, თორემ გეგმავდა არჩევნებამდე 1 კვირით ან რამდენიმე დღით ადრე ამის გაკეთებას." - თქვა ნიკა გვარამიამ.
დავით ხიდაშელი, რომელმაც თვეზე მეტი ხნის წინ ეს რუკები ჩამოიტანა საქართველოში - პირველად მაშინ გამოჩნდა საქართველოში, როცა მილიარდ 200 მილიონი ევრო საქართველოს ხელისუფლებას ჩაურიცხა კოვიდთან ბრძოლის სახელით.
ხიდაშელი კი, სატელეკომუნიკაციო კომპანია "ინტრაკომ ტელეკომ სოლუშენის" თავმჯდომარეა, რომელიც სხვადასხვა რადიო მოწყობილობების რეალიზატორია.
"მთავარი არხი" დაუკავშირდა ხიდაშელს, თუმცა მან სატელეფონზე კომენტარზე უარი თქვა და გვითხრა, რომ ქვეყანაში არ იმყოფება.