შვედეთი უკრაინას 13.5 მილიარდი შვედური კრონის (დაახლოებით 1.25 მილიარდი დოლარი) ღირებულების დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის თავდაცვის მინისტრი პულ ჯონსონი ავრცელებს.
კერძოდ, დახმარების პაკეტში შედის: 16 საბრძოლო კატარღა, 1 500 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა, 146 სატვირთო მანქანა და 200 ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი.
ჯონსონის განცხადებით, ეს ყველაზე დიდი დახმარების პაკეტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. მისი თქმით, ახლა ომში ინიციატივა რუსეთს აქვს, ამიტომ უკრაინის მხარდაჭერაზე ევროპამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.
"სხვა საკითხებთან ერთად, ჩვენ ვაფინანსებთ უკრაინულ ინვესტიციებს უპილოტო თვითმფრინავებსა და შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებში," - განაცხადა ჯონსონმა.
მანამდე მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შვედეთი 2024-2026 წლებში უკრაინისთვის 75 მილიარდი კრონის სამხედრო დახმარების გამოყოფას გეგმავს. სექტემბერში კი შვედეთის მთავრობამ უკრაინას 4.6 მილიარდი შვედური კრონის (401.6 მილიონი ევრო) ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარუდგინა.