ესპანეთში, იარაღის მწარმოებელ გერმანულ ქარხანაში Rheinmetall-ში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური საინფორმაციო სააგენტო EFE ავრცელებს.
სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ყველა დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთ მათგანს მძიმე დაზიანებები აღენიშნება.
რადიო Cadena Ser-ის ცნობით, იარაღის ქარხანაში რეზერვუარის აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი, უცნობია.
Rheinmetall კონცერნი არის მსოფლიოში საარტილერიო საბრძოლო მასალის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კომპანიის ქარხნები ასევე აწარმოებენ იარაღს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნები აწვდიან კიევს სამხედრო დახმარების პაკეტების ფარგლებში.
ორი დღის წინ ნატომ დაადასტურა, რომ გასულ წელს რუსეთი Rheinmetall-ის ხელმძღვანელის მკვლელობას გეგმავდა. ნატოს მაღალჩინოსნის, ჯეიმს აპატურაის თქმით, რუსეთი მთელს ევროპაში გეგმავდა თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერების მკვლელობას არმინ პაპერგერის ჩათვლით. მკვლელობის მცდელობის შესახებ CNN ზაფხულში წერდა.
იხილეთ ასევე