31 იანვარს, რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი „ოდესის ისტორიული ცენტრი“ დაზიანდა. ამის შესახებ ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი ტელეგრამის არხზე წერს.
მერის თქმით, დაზიანდა სასტუმრო ბრისტოლის შენობა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არქიტექტურული ნაგებობაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ძლიერი აფეთქების ტალღამ საერთო ჯამში 15-მდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს მიაყენა სხვადასხვა ხარისხის დაზიანება.
დაზიანებულ შენობებს შორის არქიტექტურული და სოციალური თვალსაზრისით ყველაზე ძვირფასია ფილარმონია (ახალი საფონდო ბირჟა). მერის თქმით, აფეთქების ტალღამ მთავარი შესასვლელის ინტერიერი დააზიანა. ფილარმონია 2023 წლიდან იუნესკოს გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება.