აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდმა, შესაძლოა, მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, უკრაინაში ომის დასრულების გეგმა წარადგინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, წყაროს ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი, ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, კონფერენციაზე წარადგენს. წყაროები არ აკონკრეტებენ პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიების ფორმატს და სიღრმეს.
გამოცემის ცნობით, ტრამპის გეგმა მოიცავს კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და ასევე, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას, რათა რუსეთის თავდასხმა არ განმეორდეს. Bloomberg-ი არ აკონკრეტებს, თუ რა სახის შეიძლება იყოს ეს გარანტიები.
ამასთან, კელოგმა დაადასტურა თავისი მონაწილეობა კონფერენციაში და დაწერა: "როგორც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში, მოუთმენლად ველი საუბარს დონალდ ტრამპის მიზნებზე, დაასრულოს სისხლიანი და ძვირადღირებული ომი უკრაინაში".
მანამდე, 1 თებერვალს Fox News-თან საუბრისას, კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპს აქვს "სანდო გეგმა" ომის დასასრულებლად, რომელიც გულისხმობს "ზეწოლას არა მხოლოდ მოსკოვზე, არამედ კიევზეც" და ორივესთვის პოზიტიური ინიციატივების შეთავაზებას.
ასევე, ცნობილია, რომ კელოგი ასევე ეწვევა უკრაინას ამ თვის ბოლოს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისთვის.