უკრაინის ლიდერი ხვალიდან მიუნხენში ომის დასრულების შესახებ მთავარ მოლაპარაკებებს იწყებს. ვიდრე ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის გუნდს შეხვდება, მანამდე უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის ლიდერს ერთმანეთთან ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. საუბრის შინაარსი უცნობია, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან კომუნიკაციის შემდეგ იმედს გამოთქვამს რომ პარტნიორები რუსეთს აიძულებენ სამართლიანი მშვიდობა დამყარდეს.
"ძალიან შინაარსიანი საუბარი მქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ძალიან კარგი, დეტალური მოლაპარაკება იყო. მე მადლობელი ვარ პრეზიდენტის, მისი გულწრფელი ინტერესის გამო იმასთან დაკავშირებით, თუ რა საერთო ინტერესები გვაქვს და როგორ შეგვიძლია თანამშრომლობა, რათა ხანგრძლივი მშვიდობა დავამყაროთ. ჩვენ მიმოვიხილეთ ბევრი საკითხი - სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური - და პრეზიდენტმა ტრამპმა ინფორმაცია მომაწოდა იმის შესახებ, თუ რა უთხრა მას პუტინმა. ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკის სიძლიერე, ჩვენთან და ყველა ჩვენს პარტნიორთან ერთად, საკმარისია საიმისოდ, რომ რუსეთი ვაიძულოთ, დაამყაროს მშვიდობა." - ამბობს ზელენსკი.
უკრაინის ლიდერთან კომუნიკაციას პუტინისა და ტრამპის საათნახევრიანი სატელეფონო საუბარი უძღოდა წინ. რუსეთის ტერორისტი ლიდერი და ამერიკის 47-ე პრეზიდენტი სავარაუდო საუდის არაბეთში შეხვდებიან. პუტინის პრესმდივანი პესკოვი აცხადებს, რომ უკვე დაიწყეს პრეზიდენტების თანაშემწეებმა შეხვედრისთვის მზადება.
დღეს კი ბრიუსელში თავდაცვის მინისტერიალზე ნატოს მხრიდან უკრაინის დახმარების საკითხები განიხილება. ნატოს გენერალური მდივანი უკრაინის თავდაცვის მინისტრთან ერთად შეხვედრის დაწყების წინ აცხადებდა, რომ პუტინმა ვერასოდეს უნდა შეძლოს ახალი ომის წამოწყება, მანამდე კი უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს.
ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე:
"ჩვენი მიზანია, რომ უკრაინა იყოს კარგ პოზიციაში, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება და როდესაც ისინი დასრულდება, მიღწეულ იქნას ხანგრძლივი მშვიდობა, რათა პუტინმა ვეღარ შეძლოს უკრაინის ოკუპაცია. ამისთვის ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და გასულ წელს მოკავშირეებმა შეძლეს უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გაგზავნა."
უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმაროვი:
"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მარკს მისი მხარდაჭერისთვის. დღეს ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ვხედავთ, რომ ყველა მოკავშირე გვეხმარება, ნატო საკუთარ თავზე იღებს წვრთნებს და მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ამ დახმარებისთვის, იმედი მაქვს, პროდუქტიული შეხვედრები გვექნება."
ნატოს მინისტერიალს პირველად ესწრება ამერიკის ახალი თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეტიც რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ უკრაინა ძველ საზღვრებს ვერ დაუბრუნდება და რომ ვერც ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა ექნება უახლოეს მომავალში. ჰეგსეტი ევროპელებისგან ომის მოგვარების საკითხში თანაბარ ჩართულობას ითხოვს.
პიტერ ჰეგსეტი:
"ახლა, როდესაც ომის დაწყებიდან თითქმის სამი წელია გასული, ჩვენი გზავნილი ნათელია - სისხლისღვრა უნდა დასრულდეს. პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ გამოთქვა თავისი აზრი, რომ ბრძოლების შეჩერება და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება მისი მთავარი პრიორიტეტია. მისი მიზანია, დაასრულოს ეს ომი დიპლომატიით და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვას რუსეთი და უკრაინა. ჩვენ ამ ომის დასრულებას და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევას შევძლებთ როგორც მოკავშირეთა ძალის ასევე ბრძოლის ველზე არსებული სურათის რეალისტური შეფასებით. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, გვინდა სუვერენული უკრაინა, რომელსაც აქვს კეთილდღეობა. თუმცა, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ დაბრუნება უკრაინის 2014 წლამდე არსებულ საზღვრებთან არარეალისტურია. ამ ილუზიური მიზნისთვის ბრძოლა გამოიწვევს მხოლოდ იმას, რომ ომი გაგრძელდება და ეს მეტ უბედურებას მოიტანს. ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება უნდა იყოს გამაგრებული უსაფრთხოების გარანტიებით უკრაინისთვის, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ომი აღარ დაიწყება. ამასთანავე, აშშ-ს არ მიაჩნია, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება არის ამ მოლაპარაკებების რეალისტური შედეგი, თუმცა, მისი უსაფრთხოება უნდა იყოს გარანტირებული ევროპული და არაევროპული ამხედრო ძალებით. ეს მისიები არ უნდა იყოს განლაგებული ნატოს სახელით და მათზე არ უნდა ვრცელდებოდეს ნატოს შეთანხმების მეხუთე პუნქტი. ასევე უნდა იყოს საკონტაქტო ზოლის აქტიური საერთაშორისო ზედამხედველობა. ასევე ხაგზასმით მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში ამერიკული ჯარები არ განთავსდება."
უკრაინის საკითხი ევროპის და უკრაინის ჩართულობის გარეშე ვერ გადაწყდება - ეს ევროკავშირის პოზიციაა. 12 თებერვალს ღამით გამოქვეყნდა გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთის, ესპანეთის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკომისიის ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ წერია, რომ უკრაინა და ევროპა უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერ მოლაპარაკებაში, რომელიც უკრაინას ეხება. სწრაფი მოგვარების ფორმა ბინძური გარიგებაა- ასეთი კატეგორიული იყო ევროპის მთავარი დიპლომატი კაია კალასი.
"ჩვენს გარეშე ნებისმიერი გარიგება მშვიდობასთან დაკავშირებით ვერ იმუშავებს. ევროპა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. სიტუაციის სწრაფი დალაგება ბინძური გარიგებაა და ეს არ შეაჩერებს ომს. მოლაპარაკებების დაწყებამდე დათმობა დანებებას ნიშნავს, რაც რეალურად არ მოხდება. თუ უკრაინა გააგრძელებს წინააღმდეგობის გაწევას, ევროპა გააძლიერებს მხარდაჭერას" - ამბობს კალასი.
როგორ ჩამოყალიბდება ამერიკის პოზიცია და როგორი იქნება რუსეთ- უკრაინის ომის შეწყვეტის ტრამპისეული გეგმა ნაწილობრივ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ გაირკვევა. უსაფრთხოების 61- ე ფორუმზე თავისი გეგმით ჩადის ვოლოდიმირ ზელენსკი, ამერიკულ დელეგაციაში იქნებიან მარკო რუბიო, ჯეი დი ვენსი, რუსეთსა და უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი, რომელიც მიუნხენიდან კიევში ჩავა.
უკრაინის დედაქალში უკვე იმყოფებოდა ამერიკის ფინანსთა მინისტრი, რომელმაც უკვე შეაფასა უკრაინული იშვიათი მინერალების ღირებულება და ვოლოდიმირ ზელენსკისთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები ჰქონდა.