დავითგარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ივერი მელაშვილი მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. მელაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია და ის წლების განმავლობაში სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო .
მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და სამუშაო კაბინეტში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული დოკუმენტაცია გამოძიებას დამატებით კითხვებს უჩენს.
გამოკითხვაზე შესვლის წინ მელაშვილმა თქვა, რომ მისი ბინიდან ისეთი დოკუმენტაციაც ამოიღეს, რომელსაც გარეჯის საქმესთან კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ეს საქმე არის პოლიტიკური.
მთხოვეს მოსვლა, ცხადია დავთანხმდი. იმდენ მასალა ამოიღეს კითხვები ალბათ ამ მასალასთან დაკავშირებით ექნებათ. საარქივო მასალებია, რუკები, ჩანაწერები, სხდომის ოქმები, შეხვედრების ოქმები. კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ არის, ეს არის ერთი დიდი ტყუილი, შეიძლება ითქვას. მგონია, რომ პოლიტიკური არის. ნამდვილად, ვინმეს რამე ჰქონდა ან მასალა, ან რუკა, ან რაღაც დამამტკიცებელი, რომ ქართული მხარის პოზიცია ვთქვათ გამყარებულიყო ამ მიმართებაში, - თქვა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ,1 ოქტომბერს დავით-გარეჯის საქმეზე მომუშავე კომიიის ყოფილი თავმჯდომარის, ივერი მელაშვილის საცხოვრებელ სახლში და ოფისში ჩხრეკა ჩატარდა. გუშინვე საგამოძიებო უწყებაში, დაკითხვაზე დაიბარეს კომისიის ყოფილ წევრებსაც.
ცნობისთვის, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.