"სანქცირებული ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" | ოლიგარქის ინტერესებს მორგებული "ოფშორების კანონი"

გამოქვეყნდა:

"სანქცირებული ოლიგარქი ივანიშვილი აქტივებს სახლისკენ ეზიდება" -  "აი ფაქტის" მიერ ამ სათაურით გამოქვეყნებული სტატიაში, რომლის ავტორები ჯეიმს დოუსეტი (OCCRP), "აი ფაქტი", და მმართველობის მონიტორინგის ცენტრი არიან, განხილულია ის რისკები, რომელიც შესაძლოა ქართულ ეკონომიკას შეექმნას სანქციებით შეშინებული ივანიშვილის მიერ ქონების საქართველოში გადმოტანით. 

პოლიტიკური რისკების საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებლის, მაქსიმილიან ჰესის თქმით, ივანიშვილის აქტივების რესტრუქტურიზაცია შესაძლოა საქართველოსთვის უფრო ფართომასშტაბიან პრობლემებს წარმოშობდეს, თუ მილიარდერის წინააღმდეგ სანქციები გაძლიერდება. მისი განმარტებით, ასეთ სცენარში შესაძლოა ბიზნესებისთვის ქვეყანასთან თანამშრომლობა "ძალიან რთული" გახდეს, რადგან ივანიშვილის ეკონომიკური გავლენების გამო სანქციების რისკი გაიზრდება.

"მისი აქტივები საქართველოს მთლიან ეკონომიკაში ძალიან დიდ წილს დაიკავებს, – განაცხადა ჰესმა. – ფაქტობრივად, ივანიშვილს რისკები საკუთარი თავიდან და სიმდიდრიდან საქართველოსა და ქართველ ხალხზე გადააქვს".

ივანიშვილის აქტივების დიდი ნაწილი გადაფორმებულ იქნა ერთ დღეში, 17 იანვარს. ამ დღეს შვიდი კომპანიის მფლობელობა პანამურ კომპანია Limestone Finance International SA-დან გადავიდა ივანიშვილის ქართულ კომპანიაზე, სს “ტერრა”-ზე.

ივანიშვილის ზოგიერთი ქართული აქტივების ბოლოდროინდელი რესტრუქტურიზაციის მიუხედავად, მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი ჰოლდინგი კვლავ ოფშორის მფლობელობაშია. ზოგიერთ მათგანს ფლობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF Fund), კერძო საინვესტიციო ფონდი, რომელიც მართავს 2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს ქვეყნის ეკონომიკაში, მათ შორის ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, ძვირად ღირებულ სასტუმროებსა და ცემენტის ქარხანას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი დამოუკიდებელი ერთეული, JSK GCF Georgia, შეიქმნა იანვარში ხვედელიძის უშუალო მფლობელობაში, საზღვარგარეთ კავშირების გარეშე."- ნათქვამია სტატიაში.

გასული წლის 19 აპრილს "ქართულმა ოცნებამ" ეკონომიკური სარგებლის მიღების მოტივით, დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები საგადასახადო კოდექსში. ამ ცვლილებებით, ოფშორული ზონებიდან ბიზნესის საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათი გავრცელდება. როგორც ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევდნენ ოლიგარქის პარტიამ კანონი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მოარგო და სანქციების მიმართ გაზრდილ მოლოდინს უკავშირდებოდა. ამის შესახებ "მთავარი არხის" ვებგვერდზე არაერთი სტატიაა გამოქვეყნებული.

იმას, რომ ოფშორების კანონით ბიძინა ივანიშვილიც ისარგებლებდა არ უარყოფს ოლიგარქის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძეც.

"რაც შეეხება იმ საკითხს, თუ ვინ და როგორ ისარგებლა საგადასახადო შეღავათებით, ეს ჩემთვის უცნობია, ვინაიდან კანონმდებლობით ეს საგადასახადო საიდუმლოებაა. ცხადია, რადიკალური ოპოზიცია ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ პიროვნებაზე მათი ინტერესებიდან გამომდინარე. თუ ვინმემ ისარგებლა აღნიშნული კანონით მოხარული ვარ, ეს ძალიან კარგია, სწორედ მაგ მიზანს ემსახურებოდა კანონის მიღება, რომ მოხდეს ოფშორებიდან კომპანიების გადმოტანა და მეტი ინვესტიციების მოზიდვა ქვეყანაში. რა არის ცუდი იმაში თუ ქვეყანაში შემოდის მეტი ფული და აქტივები“, - დაწერა პაატა კვიჟინაძემ სოციალურ ქსელში.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის იანვრის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების თანახმად 2025 წლის იანვარში საქართველოში 480 658 330 აშშ დოლარის ღირებულების ნახატები შემოვიდა, რომელიც დიდი ალბათობით სწორედ ბიძინა ივანიშვილთანაა დაკავშირებული. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმპორტის ზრდისა არ გაზრდილა  დღგ-ის ქონებისა და სხვა გადასახადები, რაც მიანიშნებს იმაზე რომ ივანიშვილმა სწორედ ე.წ. ოფშორების კანონის სახით, მასზე მორგებული საგადასახადო შეღავათით ისარგებლა და ბიუჯეტში დაახლოებით 80 მილიონი დოლარი არ გადაიხადა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი