საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საერთაშორისო ინვესტორი სასამართლო დავას იწყებს. ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ინტერნეტ მომწოდებელ კომპანია - "კავკასუს ონლაინში" სახელმწიფომ სპეციალური მმართველი დანიშნა. მას აქვს უკონტროლო ძალაუფლება - შეუძლია დანიშნოს ან გაათავისუფლოს „კავკასუს ონლაინის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები და კომპანიის თანამშრომლები. კავკასუს ონლაინის დირექტორი ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ანგარიშწორებაა და ერთადერთი მიზანი წარმატებული კომპანიის დასუსტებაა.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მედიის კითხვებს არ პასუხობენ. კახა ბექაურის უწყებამ მხოლოდ განცახდება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, დროებითი მმართველი იმიტომ დანიშნეს, რომ კომპანიის დაჯარიმებამ შედეგი ვერ გამოიღო, საქმიანობის შეჩერება კი კარგი გადაწყვეტილება არ იქნებოდა.
შეგახსენებთ, კომპანია მარეგულირებელმა კომისიამ მხოლოდ წელს ექვსჯერ დააჯარიმა, ბოლო 270,000 ლარიანი ჯარიმა აგვისტოში გამოუწერეს. მარეგულირებელმა კავკასუს ონლაინს ერთთვიანი ვადა მისცა, რომ შეეცვალა გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა. ვადა ამოიწურა.
ისინი ვინც კარგად იცნობენ ტელეკომუნიკაციების საკითხებს, ღიად ამბობენ, რომ მარეგულრებლის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა ქვეყნის უმსხვილეს ინტერნეტ მომწოდებლისთვის შემთხვევითი არ არის. ამბობენ, რომ სახელმწიფო წარმატებული ბიზნესის წინააღმდეგ მკაცრ ღონისძიებებს არ უნდა ატარებდეს. ექსპერტები შიშობენ, რომ ეს უარყოფითი გზაბვნილია ინვესტორების მიმართ და საინვესტიციო გარემოს გააუარესებს.
ხმაურიანი კანონი, რომელიც დაჩქარებულად მხოლოდ ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა, დღეს ბიზნესის ტერორისთვის გამოიყენეს, ამბობენ, ოპოზიციაში.