უკრაინა, ევროპა, აშშ და რუსეთი - ეს უნდა იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილეთა სია. - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციის "უკრაინა. 2025 წელი" მიმდინარეობისას განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის დახმარებაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ უკრაინამ აშშ-ისგან მიიღო $100 მილიარდის დახმარება, ისიც გრანტის სახით და ის არ ეთანხმება იმ რიცხვებს რომელზეც ბოლო პერიოდში მიდის საუბარი.
"უკრაინამ მიიღო 100 მილიარდი დოლარის დახმარება აშშ-სგან და არა 350 მილიარდი დოლარის, მე მოვილაპარაკე ბაიდენთან, რომ ეს [ამერიკის დახმარება] იყო გრანტი. გრანტი ვალი არ არის. 100 მილიარდ დოლარსაც არ ვაღიარებ.ერმაკს ამჟამად კომუნიკაცია აქვს ამერიკელ პარტნიორებთან. აღარ არის არანაირი 500 მილიარდი დოლარი და არანაირი პროცენტები. ამ მხრივ ჩვენ წინ მივდივართ. მე არ მოვაწერ ხელს იმას, რაც შემდეგ უკრაინელების ათმა თაობამ უნდა გადაიხადოს," - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, ქვეყანას ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება.
"ტრამპი მარადიული არაა და ჩვენ კი მშვიდობა გვჭირდება მრავალი წლის განმავლობაში. სტრატეგიულ პარტნიორებს უნდა ჰქონდეთ ხელშეკრულებების გაფორმების სურვილი და მე მინდა, რომ ჩვენი შეთანხმება შეერთებულ შტატებთან იყოს სკანდალების გარეშე", - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ხელშეკრულებაში უნდა იყოს გაწერილი და არა მხოლოდ სიტყვებით.
ზელენსკის თქმით, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის ფულია.
"გაყინული რუსული აქტივები ჩვენი ფულია. ეს ჩვენი ფულია და არა - ჩვენი და ჩვენი პარტნიორების." - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება.
"მე ვარ კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. საომარი მდგომარეობის დასრულების შემდეგ არჩევნები იქნება და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს." - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში ათწლეულების განმავლობაში დარჩენას, მაგრამ პუტინსაც არ მისცემს ძალაუფლებას უკრაინის ტერიტორიებზე.
ზელენსკი უკრაინაში Starlink-ის შესაძლო გათიშვასაც გამოეხმაურა.
"Starlink-ისგან ჩვენი გათიშვა არასწორია. მით უმეტეს, რომ ჩვენ ამისთვის ყოველთვიურად ვიხდით, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ ამ თანხის დაფარვაში უკრაინას პოლონეთი და გერმანია ეხმარება.
ზელენსკის თქმით, დეზინფორმაციაა ის, რომ მას მხოლოდ 4%-იანი მხარდაჭერა აქვს უკრაინაში.
დღეის მდგომარეობით, ოფიციალური სოციალური გამოკითხვების მიხედვით, რომელსაც ყველა ენდობა, მე მენდობა უკრაინელების 65%, 4% არის დეზინფორმაცია - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მას არ სწყინს, რომ ტრამპმა მას დიქტატორი უწოდა.
"დიქტატორის" წოდებაზე ბრაზდება მხოლოდ ის, ვინც დიქტატორია," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.