ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის შეხვედრა დასრულდა.
როგორც პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა აღნიშნა, დღევანდელი შეხვედრის მიზანი უკრაინაში ომის დასრულებაა. მისი თქმით, "ასობით ათასი" რუსი და უკრაინელი დაიღუპა "უაზროდ" და რომ მთელი თაობა განადგურდა.
ტრამპი ამბობს, რომ "მშვიდობის მიმართულებით ბევრი კარგი რამ ხდება" და რომ მაკრონი ამაში მთავარი იყო თავიდანვე. მას სჯერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ "ეს არის შესაფერისი დრო... ეს შეიძლება იყოს ერთადერთი დრო" ომის დასასრულებლად.
ამავე პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან ჰქონდა ხანგრძლივი დისკუსია უკრაინაში კონფლიქტის დასრულების სურვილზე. მაკრონმა ასევე უსაფრთხოების გარანტიებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობა "არ უნდა ნიშნავდეს უკრაინის დათმობას ან ცეცხლის შეწყვეტას გარანტიების გარეშე".
ამასთან, მაკრონის თქმით, მას და ტრამპს დღეს ჰქონდათ "უკიდურესად პროდუქტიული დისკუსიები" და რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ მას "სრულიად სჯერა, რომ არსებობს წინსვლის გზა".
"ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი რწმენა და მოთხოვნები და ვიცით ყველა სამუშაო, რაც დარჩა გასაკეთებელი", - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ისინი კვლავ შეხვდებიან უახლოეს კვირებში.