სახალხო დამცველი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დიდთოვლობის გამო გამოწვეულ პრობლემებსა და მათ მოუგვარებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება, კანონმდებლობიდან გამომდინარე ერთობლივი ძალისხმევით და სათანადო რესურსების გამოყენებით უნდა ატარებდეს შესაბამის კომპლექსურ ღონისძიებებს, მათ შორის, ბუნებრივი ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოს, ქონების დაცვის მიზნით.
"ამ დრომდე არაერთი ინფორმაცია ვრცელდება გურიის რეგიონში სოფლების გარე სამყაროსთან მოწყვეტისა და მოქალაქეების, მათ შორის, ხანდაზმულებისა და ბავშვების, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩენის (ელექტროენერგიის შეწყვეტის, საკვების მარაგის ამოწურვის, საცხოვრებელი სახლების ნგრევის/ნგრევის რისკების), ასევე, დაშავებული მოქალაქის თაობაზე.
გურიასა და სხვა რეგიონებში დიდთოვლობით გამოწვეულმა მძიმე პრობლემებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით, პრევენციული და შემდგომი ღონისძიებების არაეფექტიანობა, რაც პირველ რიგში, საგანგებო სიტუაციების მართვას, საფრთხეების იდენტიფიცირებას და მუნიციპალიტეტებში დამახასიათებელი რისკების გათვალისწინებით, შესაბამისი რისკების მართვის გეგმებს უკავშირდება.
აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და საკუთრების უფლებების დაცვის ინტერესებს და მათ დაცვაზე საქართველოს სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზედამხედველობას", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში დიდთოვლობის გამო, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა შეაჩერა. ხულოს, შუახევის და ქედის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის - 1,50 მეტრს. ლანჩხუთის მერის ინფორმაციით, ჩამონგრეულია 40-მდე სახლი. გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო, გურიის რეგიონში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. სოფლების ნაწილი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, რის გამოც ადგილობრივებს საკვების, წყლისა და მედიკამენტების მარაგი ეწურებათ.
მესტიაში 4 დღეა ელექტროენერგია არ აქვთ - მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია „ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი.
დიდთოვლობას ებრძვიან იმერეთშიც. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეა გადაუღებლად თოვს. თოვლმა პრობლემები შექმნა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში. "მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტის ცნობით, ამ დროისთვის რეგიონში გარესამყაროს არის მოწყვეტილი 42 სოფელი, 29 000 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
გარდა ამისა, სტიქიას უკვე ჰყავს მსხვერპლიც - “აჭარა თაიმსის” ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, კაცის გაყინული ცხედარი იპოვეს. ასევე, ადგილობრივი მედიის ცნობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა, რომელიც სახლში 85 წლის დედას უვლიდა. დიდთოვლობის გამო, მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მიცვალებულთან მარტოა, მისვლას ვერ ახერხებენ. გუშინ, ასევე გურიაში, დიდთოვლობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.