დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს ახალ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად 2,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოუყოფს.
ხელშეკრულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრის დროს გაფორმდა.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, სესხი დაიფარება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით და გამოყენებული იქნება თავდაცვის მასალების შესყიდვის დასაფინანსებლად.
უკრაინის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის შეხვედრა დაუნინგ სტრიტზე უკვე დასრულდა. ზელენსკი ლონდონში აშშ-დან ტრამპთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა. სტარმერმა მას და უკრაინელ ხალხს კიდევ ერთხელ დაუდასტურა დიდი ბრიტანეთის ურყევი მხარდაჭერა.
ხვალ, 2 მარტს ზელენსკი მეფე ჩარლზს შეხვდება და ევროპელ ლიდერთა სამიტს დაესწრება.