"პარადოქსია, 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს, დაიცვას ისინი 140 მილიონი რუსისაგან... ევროპას აქვს პოტენციალი, იყოს უზარმაზარი ძალა" | ტუსკი

გამოქვეყნდა:

 

"ევროპის ქვეყნებს უზარმაზარი პოტენციალი აქვთ, მაგრამ შეუთანხმებლობის გამო, ისინი ეყრდნობიან არა საკუთარ ძალებს, არამედ შეერთებულ შტატებს. ამიტომ ევროპამ უნდა გაააქტიუროს და ჩადოს ძალისხმევა, რომ უზრუნველყოს მშვიდობა, არა უკრაინის კაპიტულაციის, არამედ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობებით." - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ლონდონში ევროპელი ლიდერების არაფორმალური შეხვედრაზე გამგზავრებამდე აეროპორტში განაცხადა.

ტუსკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კიევისადმი სოლიდარობა და აღნიშნა, რომ ამავდროულად ოფიციალური ვარშავა გააძლიერებს ურთიერთობებს ვაშინგტონთანაც.

"ეს პარადოქსია, მოუსმინეთ, როგორ ჟღერს: 500 მილიონი ევროპელი 300 მილიონ ამერიკელს სთხოვს, დაიცვას ისინი 140 მილიონი რუსისაგან. თუ ანგარიში იცით, საკუთარ თავს დაეყრდენით," - განაცხადა ტუსკმა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა წარმოსახვისა და გამბედაობის დეფიციტზე და ევროპის ქვეყნების, ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით კონკრეტული რიცხვები დაასახელა, სადაც მისი თქმით, ევროპის ერთიანი შესაძლებლობები გაცილებით აჭარბებს სხვებს.

"როგორც ვთქვი: დეფიციტი არის იმის გაგების უუნარობა, რომ ევროპას აქვს პოტენციალი, იყოს უზარმაზარი ძალა [...] კარგად შეიარაღებულ, ძლიერ ევროპას შეუძლია მშვიდობის უზრუნველყოფა არა უკრაინის კაპიტულაციით, არამედ საკუთარი საერთო ძალის წყალობით" - აღნიშნა ტუსკმა.

მისი თქმით, პოლონეთის მთავარი გზავნილი ლონდონის სამიტის წინ არის ის, რომ „პოლონეთი უკრაინის მხარეზეა, ყოველგვარი მაგრამების  გარეშე“, როგორც მან აღნიშნა, ამას პოლონეთის ეროვნული ინტერესებიც მოითხოვს.

"ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინის მხარეზე მოქმედებით, ჩვენ პოლონელები ამავდროულად ძლიერი მხარდამჭერები ვართ  პოლონეთის, ევროპისა და მთელი დასავლეთის რაც შეიძლება მჭიდრო კავშირისა  შეერთებულ შტატებთან."- განაცხადა ტუსკმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი არც ისე ცალსახაა უკრაინასთან მიმართებით, როგორც ვარშავა.

პოლონეთის პრემიერის თქმით, ის მოკავშირეებს სთხოვს გააძლიერონ ევროკავშირის აღმოსავლეთი ფლანგი: ფინეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი, რათა მეტი ჯარისკაცი იყოს რუსეთისა და ბელორუსის საზღვრებზე.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი