"საჭიროა ევროპის სასწრაფოდ გადაიარაღება"  | ლაიენის თქმით, ევროკომისია გეგმას ევროპულ საბჭოზე 6 მარტს წარადგენს

გამოქვეყნდა:

დასავლელი ლიდერების სამიტი, რომელსაც ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტრამერი მასპინძლობდა, დაახლოებით ორსაათიანი დისკუსიის შემდეგ დასრულდა. ლიდერები ლანკასტერის სასახლეს ტოვებენ. მედიასთან კომენტარი გააკეთა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.  მისი თქმით, ლიდერებს ჰქონდათ "კარგი და გულწრფელი დისკუსია", რომელზეც განიხილეს, თუ რა არის საჭირო, უკრაინის ძლიერ პოზიციაში ყოფნისთვის..

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინას სჭირდება "უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები", რომელიც მხარს უჭერს მის ეკონომიკურ და სამხედრო პოზიციებს.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით "საჭიროა ევროპის სასწრაფოდ გადაიარაღება" და ამის შესახებ გეგმას ევროკომისია ევროპულ საბჭოზე 6 მარტს წარადგენს, რათა ევროპა რეალურად მასიურად გაძლიერდეს.

"ახლა აუცილებელია თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდა ხანგრძლივად. ეს არის ევროკავშირის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ეს გვჭირდება... იმ გეოსტრატეგიულ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ, მოვემზადოთ ყველაზე უარესისთვის და, შესაბამისად, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა."- განაცხადა ლეიენმა.

კითხვაზე თუ რა გზავნილი აქვს ამერიკისთვის, ლაიენმა განაცხადა რომ ევროპა მზადაა ერთად დაიცვან დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომ არავის ჰქონდეს შესაძლებლობა, შეიჭრას მეზობელ ქვეყანაში და საზღვრები ძალით შეცვალოს.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი