რუსეთის პრეზიდენტ პუტინისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერალი გრიგორი ლეპსი (ლეფსვერიძე) უკრაინამ სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილად ცნო - საქმე ეხება უკრაინული ტანკების განადგურებისთვის რუსი ჯარისკაცების დაჯილდოების დაპირებას.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ლეპსი კონსტიტუციური წესრიგის დამხობის დაფინანსებაში და რუსული აგრესიის გამართლებაშია ეჭვმიტანილი. ამის საფუძველი იყო ლეპსის დაპირება, რომ ის თითოეული განადგურებული უკრაინული ტანკისთვის რუს სამხედროებს მილიონ რუბლს გადაუხდიდა, ასევე მისი რეგულარული მონაწილეობა რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის შეგროვებაში.
2023 წლის ივნისში ლეპსმა და სხვა რუსმა მუსიკოსებმა მხარი დაუჭირეს ჯგუფ "ზემლიანეს" დამფუძნებლის ვლადიმირ კისელევის ინიციატივას უკრაინის ომში ლეოპარდის ტანკების განადგურებისთვის ფულადი პრიზის დაწესების შესახებ. რამდენიმე კვირის შემდეგ ლეპსმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნიღბიანი კაცი მადლობას უხდის მუსიკოსს იმ მილიონი რუბლისთვის, რომელიც მას განადგურებული ტანკისთვის გადაუხადეს.