გერმანიის მომავალი კანცლერი, ფრიდრიხ მერცი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპს შორის კონფლიქტი ოვალურ კაბინეტში, შესაძლოა, წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო ამერიკული მხარის მიერ. ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
"ჩემი აზრით, ამ შეხვედრაზე ოვალურ კაბინეტში ზელენსკის სიტყვებზე რეაქცია იყო არა სპონტანური, არამედ, დიდი ალბათობით მიზანმიმართული ესკალაცია. ძალიან გაოგნებული ვიყავი საუბრის ტონით - მან არანაირი სარგებელი არ მოიტანა", - თქვა მერცმა.
მისი აზრით, რიტორიკა, რომელიც ზელენსკისთან შეხვედრაზე იყო გამოყენებული, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მოქმედებების ხაზში ჯდება.
"არის გარკვეული თანმიმდევრულობა, რაც ჩვენ ვნახეთ ვაშინგტონში ბოლო რამდენიმე კვირის მოვლენების სერიაში, მათ შორის ამერიკის დელეგაციის გამოჩენა მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე", - აღნიშნა მომავალმა კანცლერმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად 28 თებერვალს ჩავიდა. ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით შეხვედრისას ტრამპსა და ზელენსკის შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მათ იკამათეს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. არ ჩატარდა არც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, გაუქმდა შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენცია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა - ევროპელმა და მათ შორის ამერიკელმა პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ტრამპი რუსული პროპაგანდის გამავრცელებელია, ის პუტინთან ახლო ურთიერთობაშია და ამერიკელებს ტრამპის საქციელის გამო უნდა რცხვენოდეთ.