საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებში მორიგ ვიზიტს განიხილავს, რათა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრ კირ სტარმერთან ერთად შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის მთავრობის სპიკერი ავრცელებს.
როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი "ევროპის რეაქციას ხელმძღვანელობდნენ" მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს, ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან შესახვედრად 28 თებერვალს ჩავიდა. ოვალურ კაბინეტში მედიის თანდასწრებით შეხვედრისას ტრამპსა და ზელენსკის შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა და მათ იკამათეს, რის შემდეგაც ზელენსკიმ თეთრი სახლი დაგეგმილზე ადრე დატოვა. არ ჩატარდა არც შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, გაუქმდა შემდგომი ერთობლივი პრესკონფერენცია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ დასავლურმა სამყარომ აშშ-ის პრეზიდენტი გააკრიტიკა.