უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ახლა, მთელი დროის განმავლობაში, დონალდ ტრამპის გუნდთან "ყველაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს". შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ დღევანდელ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, გრძელდება მუშაობა იმ პარტნიორებთან, რომლებსაც "სურთ მშვიდობა ისევე, როგორც უკრაინას".
"მომდევნო კვირას იქნება ძალიან ბევრი სამუშაო აქ, ევროპაში, ამერიკასთან საუდის არაბეთში. ვამზადებთ შეხვედრას, რათა დავაჩქაროთ მშვიდობა და გავამყაროთ უსაფრთხოების საფუძვლები. დღეს, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა დონეებზე გრძელდება ყველაზე ინტენსიური მუშაობა ტრამპის გუნდთან. ბევრი ზარია. თემატიკა გასაგებია. მშვიდობა რაც შეიძლება მალე - უსაფრთხოება რაც შეიძლება სანდო", - თქვა ზელენსკიმ.
მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა "მაქსიმალურად კონსტრუქციულად" არის განწყობილი და ყველას "ვინც ქვეყანას ეხმარება" მადლობა გადაუხადა.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან მარკო რუბიოსთან - თემა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები იყო საუდის არაბეთში.