უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა მომავალ კვირას დაიწყება.
როგორც ერმაკმა აღნიშნა, საუდის არაბეთში აშშ-უკრაინის შეხვედრაზე უსაფრთხოების გარანტიების სხვადასხვა ვერსია განიხილეს.
"ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირას, ტექნიკურ, საექსპერტო დონეზე, გუნდები ყველა დეტალის განხილვას დაიწყებენ. დღეს სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ეს ვარიანტები მაგიდაზე დევს. რადგან ეს კონსულტაციები, ეს მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, არ მინდა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი... თუმცა, ეს ზუსტად ის გარანტიებია, რომლებიც 100% აღკვეთენ ნებისმიერ აგრესიას მომავალში", - თქვა ერმაკმა.
მისივე თქმით, ახლა ამერიკამ რუსეთთან უნდა განიხილოს საუდის არაბეთში შეხვედრის დროს შემუშავებული წინადადებები.
"ამ შეხვედრის შემდეგ, გასაღები ზუსტად რუსეთის მხარესაა. მთელი მსოფლიო ნახავს ვის სურს მშვიდობა, და ვის არ სურს და ამაზე მხოლოდ ლაპარაკობს", - აღნიშნა მან.