დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა მსოფლიოს 25 ლიდერთან ვირტუალური შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე პრემიერმა თქვა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი სერიოზულადაა დაინტერესებული მშვიდობით, უნდა შეწყვიტოს უკრაინაზე ბარბაროსული თავდასხმები და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.
"თუ პუტინი სერიოზულად არის [დაინტერესებული] მშვიდობის საკითხით, ეს ძალიან მარტივია, მან უნდა შეწყვიტოს ბარბაროსული თავდასხმები უკრაინაზე და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას", - თქვა სტარმერმა შეხვედრაზე.
მისივე თქმით, ისინი მზად უნდა იყვნენ უკრაინასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების დასაცავად. მან მოუწოდა ლიდერებს, განაგრძონ რუსეთზე ზეწოლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევროპის, ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის ლიდერები.