ევროპულმა საბჭომ უკრაინის დახმარებისთვის 3.5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი ტრანში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპული საბჭო ავრცელებს.
"უკრაინა მალე მიიღებს დაახლოებით 3.5 მილიარდ ევროს მას შემდეგ, რაც საბჭომ Ukraine Facility-ის ფარგლებში, უკრაინისთვის დაამტკიცა გადაუხდელი გრანტებისა და სესხების სახით მესამე ტრანში. მექანიზმის მთავარი მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდაჭერა. ამ მესამე გაცემით უკრაინას ჯამში მიღებული ექნება დაახლოებით 20 მილიარდი ევრო უკრაინის მექანიზმის ფარგლებში მისი ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ," - აღნიშნულია განცხადებაში.
საბჭო აღნიშნავს, რომ უკრაინამ დააკმაყოფილა უკრაინის გეგმით გათვალისწინებული აუცილებელი პირობები, რათა მიეღო მესამე ტრანში Ukraine Facility-დან.
"უკრაინამ წარმატებით აჩვენა, რომ განხორციელდა 13 განსხვავებული ნაბიჯი. ეს მოიცავს, მათ შორის, რეფორმების გატარებას განახლებადი ენერგიის გამოყენების გაზრდის მიზნით; ენერგიის რეგულატორის ავტონომიის გაზრდას; საზღვრის გადაკვეთის პროცედურების გამარტივებას, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიის მიღებას (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებიდან ნაღმების ამოღება); და განაგრძობს მუშაობას მისი სტრატეგიული და კრიტიკული ნედლეულის ჩამონათვალზე,"- წერია ევროპული საბჭოს განცხადებაში.