"ტრამპთან ძალიან დადებითი საუბარი მქონდა... შევთანხმდით, რომ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ძალიან დადებითი, შინაარსობრივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. მე მას ჯიდაში, 11 მარტს, უკრაინისა და აშშ-ის გუნდების კარგი და პროდუქტიული მუშაობის დაწყებისთვის მადლობა გადავუხადე. ამ გუნდების შეხვედრა ომის დასრულებას ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინამ და შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა ომის რეალური დასრულებისა და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. გვჯერა, რომ ამერიკასთან ერთად, პრეზიდენტ ტრამპთან და ამერიკის ხელმძღვანელობით, გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევა ამ წელსაა შესაძლებელი.

პრეზიდენტმა ტრამპმა პუტინთან საუბრის დეტალები და განხილული ძირითადი საკითხები გამიზიარა. ომის სრულად დასრულებისკენ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს ენერგეტიკასა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების დასრულება. მე მხარი დავუჭირე ამ ნაბიჯს და უკრაინამ დაადასტურა, რომ მზად ვართ ეს განვახორციელოთ. ჩვენმა გუნდებმა განიხილეს ეს ნაბიჯი ჯიდაში. ასევე, ამერიკული მხარის შემოთავაზება იყო ცეცხლის უპირობო შეწყვეტა ფრონტზე და უკრაინამ ეს წინადადებაც მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ეს მოხდეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი ნაბიჯები აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტის დროს ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომზადების შესაძლებლობის შესაქმნელად.

მე ასევე მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობისა და რუსული დარტყმების შედეგების შესახებ. ჩვენ ვისაუბრეთ კურსკის ოლქში არსებულ ვითარებაზე, შევეხეთ ტყვეების გათავისუფლებისა და რუსული ძალების მიერ წაყვანილი უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მდგომარეობა და მისი გაძლიერების შესაძლებლობა სიცოცხლის დასაცავად.

ჩვენს გუნდებს დავავალეთ, გადაეჭრათ ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტის განხორციელებასთან და გაფართოებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები. უკრაინული და ამერიკული გუნდები მზად არიან შეხვდნენ საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში, რათა გააგრძელონ მშვიდობისკენ მიმართული ნაბიჯების კოორდინაცია. ჩვენ დავავალეთ ჩვენს მრჩევლებსა და წარმომადგენლებს, რომ ეს სამუშაო რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ჩვენ აღვნიშნეთ ჩვენი მრჩევლებისა და წარმომადგენლების - რუბიოს, უოლცის, კელოგის, ერმაკის, სიბიჰას, უმეროვის და პალისას პოზიტიური მუშაობა. შემდგომ შეხვედრებზე გუნდებს შეუძლიათ შეთანხმდნენ გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისკენ წინსვლის ყველა აუცილებელ ასპექტზე.

პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინელებს სურთ მშვიდობა, რის გამოც უკრაინამ მიიღო წინადადება უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ... ჩვენ შევთანხმდით მუდმივი კონტაქტის შენარჩუნებაზე, მათ შორის უმაღლეს დონეზე და ჩვენი გუნდების მეშვეობით."

- წერს X-ზე უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი