რამდენი ადამიანი დაიღუპა ბუჩაში რუსული ოკუპაციის დროს | BBC განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

2022 წლის თებერვალ-მარტში უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას და შემდგომ მისი რუსული ოკუპაციის დროს ასობით ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ კიევის მახლობლად მდებარე ქალაქის სახელი სამუდამოდ იქცა უკრაინაში რუსული არმიის სამხედრო დანაშაულების სინონიმად.

BBC-ის უკრაინული რედაქციის სტატიაში ნათქვამია, რომ  ცოტა ხნის წინ ბუჩას საქალაქო საბჭოს არქივის განყოფილებამ რუსეთის შემოჭრის მსხვერპლთა რაოდენობის განახლებული მონაცემები გაავრცელა. მათი უმრავლესობა მამაკაცია (სამჯერ მეტი, ვიდრე ქალი). ბუჩაში ასევე დაიღუპა სხვადასხვა ასაკის 12 ბავშვიც. ადამიანები იღუპებოდნენ არა მხოლოდ ტყვიების, არამედ მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო. დაფიქსირდა შიმშილით გარდაცვალების შემთხვევებიც.

ბუჩას საარქივო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან 2022 წლის 24 თებერვლიდან ბუჩას დეოკუპაციამდე - 31 მარტამდე, ქალაქში 381 ადამიანი დაიღუპა.

„მათ შორის 281 ადამიანი დაიღუპა სამხედრო მოქმედებების შედეგად, 100 კი ავადმყოფობის ან სამედიცინო დახმარების არარსებობის გამო“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ბუჩას ურბანულ თემში (ეს არის ქალაქი ბუჩა, სოფლები ვორზელი და ბაბინცი, ასევე 11 სოფელი, რომელიც ასევე ოკუპირებული იყო) დაღუპულთა რიცხვი საგრძნობლად მეტია - 554 ადამიანი. მათგან 396 ადამიანი დაიღუპა სამხედრო მოქმედებების შედეგად, 158 კი ავადმყოფობისა და მედიკამენტებისა და სამედიცინო დახმარების ნაკლებობის გამო.

ბუჩას კიდევ 28 მკვიდრი დაიღუპა არა თემში, არამედ მეზობელ ქალაქებში.

„სულ 582 ადამიანი, აქედან 435 მამაკაცი და 147 ქალი. აქედან 12 ბავშვი იყო (1,7-დან 15 წლამდე)“, - ნათქვამია ანგარიშში.

43 ცხედარი უცნობია, ხოლო 38 ბუჩას მშვიდობიანი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

ბუჩას თემის 33 მცხოვრები კვლავ რუსულ ტყვეობაშია, ერთი ტყვე კი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ მედია მსხვერპლთა რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს. როგორც ბუჩას საკრებულოს საარქივო განყოფილების ხელმძღვანელი იგორ ბარტკოვი განმარტავს, დაბნეულობა გამოწვეულია იმით, რომ ყოველთვის არ არის ნათელი, რომელ ტერიტორიულ ერთეულზეა საუბარი: თავად ბუჩას, ბუჩას ტერიტორიული თემის თუ ზოგადად ბუჩას რაიონის, რომელიც ასევე მოიცავს ქალაქ ირპენს, სოფლებს კიმელევს და ბოროდიანკას მნიშვნელოვან ნაწილს.

ამრიგად, ტერიტორიის მიხედვით, დაღუპულთა რაოდენობაა:

ქალაქი ბუჩა - 381;

ბუჩას ტერიტორიული თემი - 554;

ბუჩას რაიონი - დაახლოებით 1200 (და ეს მაჩვენებელი, ეროვნული პოლიციის ცნობით, შესაძლოა კიდევ გაიზარდოს).

ბუჩას მაცხოვრებლების უდიდესი რაოდენობა დაიღუპა ოკუპაციის პირველ სამ დღეში, 3-დან 5 მარტამდე – 137 მსხვერპლი. სწორედ მაშინ დახვრიტეს რუსმა ოკუპანტებმა ტერიტორიული თავდაცვის დატყვევებული მებრძოლები, მოხალისე ჟანა კამენევა, რომელიც ბუჩას დატოვებას ცდილობდა, ირინა ფილკინა („ქალი წითელი მანიკიურით“) და ათობით სხვა მშვიდობიანი მოქალაქე.

ასევე ბევრი მსხვერპლი იყო 2022 წლის 27 თებერვალს, როდესაც რუსულმა კოლონამ პირველად სცადა ბუჩას გავლით კიევში შეჭრა, მაგრამ ვოკზალნაიას ქუჩაზე განადგურდა - იმ დღეს 25 ადამიანი დაიღუპა.

მათ შორის არის მამაკაცი ქალაქის ცენტრში, რომელსაც ტყვია მაშინ მოხვდა, როდესაც ჯავშანტექნიკის გავლისას რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს. ის დღემდე ამოუცნობი რჩება.

იგორ ბარტკივი განმარტავს, რომ დნმ-ის ანალიზის შეუძლებლობის გამო 4 ათზე მეტი ცხედარი ჯერ კიდევ უსახელო საფლავებშია. ზოგიერთ შემთხვევაში, პოტენციური ნათესავები გადავიდნენ საზღვარგარეთ და ვერ უზრუნველყოფენ მასალას დნმ-ის იდენტიფიკაციისთვის. სხვებში სრულიად უცნობია სად უნდა მოიძიონ ნათესავები. ამასთან, გარდაცვლილთა შორის შეიძლება იყვნენ არაადგილობრივები, მაგალითად, მშენებლები ან სხვა ჩამოსული მუშები. ან უბრალოდ მარტოხელა ადამიანები ბუჩაში ნათესავების ან თუნდაც ნაცნობების გარეშე.

მაგალითად, ჯერ კიდევ 2022 წლის აპრილის ბოლოს ბუჩას მორგი ეძებდა 17 ადამიანის ახლობლებს,  (როგორც იდენტიფიცირებული, ასევე დაუდგენელი), რომლებსაც მათი დაკრძალვა შეეძლებოდათ.

რამდენიმე ხანდაზმული ადამიანი გარდაიცვალა შიმშილისგან.

ბუჩას კერძო მოხუცთა თავშესაფარში არსებული სიტუაცია, ქალაქის დეოკუპაციისთანავე აღწერა The New York Times-მა.

„ექვსი ადამიანი მოხუცთა თავშესაფარში შიმშილით გარდაიცვალა, განაცხადეს სასაფლაოს მუშებმა, რომლებმაც ცხედრები აპრილის დასაწყისში წაიღეს. ვესტიბიული მოყინული იყო, გარდაცვლილებიდან 4 ვერანდაზე იყო. მეზობელ სახლში იმავე მუშებმა ხის ტოტიდან ჩამოხსნეს, ჩამომხრჩვალი ქალი", - წერენ ამერიკელი ჟურნალისტები.

იგორ ბარტკივი ადასტურებს ამ ინფორმაციას, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ადამიანების გარდაცვალების გარემოებები ბოლომდე არ არის დაზუსტებული.

სხვა შემთხვევაში შიმშილით გარდაიცვალა 68 წლის ნინა ბოჩოკი, რომელსაც მენტალური დარღვევები აწუხებდა. მისი უფროსი და, ლუდმილა ბოჩოკი, რომელიც მას უვლიდა, 5 მარტს მათი სახლის ეზოში სნაიპერმა მოკლა. ნინამ დამოუკიდებლად საკვების მოპოვება ვერ შეძლო და ბუჩის გათავისუფლების შემდეგ კი მისი ცხედარი სამზარეულოში იპოვეს.

იგორ ბარტკოვმა შიმშილით გარდაცვალების კიდევ ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ ისაუბრა.

25 მარტს ბუჩაში 86 წლის ოლგა ოსკოლოკი გარდაიცვალა. მან დატოვა 59 წლის ქალიშვილი თამარა, რომელიც დაბადებიდან შშმ პირი იყო და დახმარება სჭირდებოდა. უცნობია, თუ როდის გარდაიცვალა ის,  მისი ცხედარიც რუსი ოკუპანტების წასვლის შემდეგ აღმოაჩინეს.

ზოგადად, როგორც იგორ ბარტკოვი აღნიშნავს, ბუჩაში დაღუპულთა უმეტესობა ხანდაზმული ადამიანი იყო.

„ბუჩას თემში დაღუპულთა საშუალო ასაკი 54 წელია, ქალაქ ბუჩაში 55 წელი“, - ამბობს ის.

ბუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული არმიის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიება გრძელდება.

უკრაინის გენერალური პროკურატურის შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა იური ბელუსოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 28 რუს ჯარისკაცს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობასა და შეურაცხყოფაში.

საუბარია ძირითადად ფსკოვიდან 76-ე დივიზიის 234-ე საჰაერო სადესანტო პოლკის მებრძოლებზე, თუმცა არის ინფორმაცია ბუჩაში რუსული არმიისა და რუსეთის ეროვნული გვარდიის სხვა დანაყოფების ყოფნის შესახებ.

„არსებობს პროკურორების ჯგუფი, არის გამომძიებლების ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად არიან ბუჩაში და სწავლობენ ყველა მასალას. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა დანაყოფები იყვნენ და რა დანაშაული ჩაიდინეს... ბუჩასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, კარგ შედეგს მივაღწევთ“, - აღნიშნა იური ბელუსოვმა.

მომზადებულია BBC-ის უკრაინული რედაქციის სტატიის მიხედვით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი