"საუდის არაბეთში აშშ-თან მოლაპარაკებები რთული, მაგრამ კონსტრუქციული იყო" - "უახლოეს მომავალში დადებითი განცხადებაა მოსალოდნელი" | რას ამბობს კარასინი და რა მოლოდინი აქვთ თეთრ სახლში

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი გუშინ, საუდის არაბეთში აშშ-ის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები იყო რთული, მაგრამ კონსტრუქციული. ეს განცხადება კარასინმა რუსულ სახელისუფლებო მედია "რია ნოვოსტისთან" გააკეთა.

"ძალიან საინტერესო, რთული, მაგრამ საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი შედგა აშშ-ის ექსპერტთა ჯგუფთან. მთელი დღე, დილიდან გვიან ღამემდე ვისხედით", - თქვა მან.

უკრაინაზე საუბრისას კარასინმა აღნიშნა, რომ პოზიციები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მხარეები ურთიერთქმედების ფორმას ეძებენ - "ასეთი შესაძლებლობა გაჩნდა". კარასინის თქმით, მოსკოვსა და ვაშინგტონს ესმით, რომ მათ უკრაინასთან დაკავშირებით თანამშრომლობა სჭირდებათ. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ მოლაპარაკებები რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის შეიძლება გაგრძელდეს.

რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, Reuters-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელ რიადში მოლაპარაკებები პროგრესირებს და "უახლოეს მომავალში" "დადებითი განცხადებაა" მოსალოდნელი. ასევე, Reuters-ი წერს, რომ ერთობლივი განცხადების პროექტი დასამტკიცებლად მოსკოვსა და ვაშინგტონს გაეგზავნა, მხარეები კი მის გამოქვეყნებას დღეს აპირებენ.

CBS News-ის ცნობით, ერთობლივი განცხადების გაკეთება თბილისის დროით 12:00 საათზე იგეგმება. გარდა ამისა, CBS News-ის წყაროებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განცხადების დეტალები ჯერ კიდევ არ არის ნათელი, ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიწოდებული ანგარიშები აშშ-ის ტექნიკური გუნდის მიერ, ოპტიმისტურად გამოიყურება. ერთ-ერთმა წყარომ ასევე განაცხადა, რომ ინფორმირებული იყო უკრაინის ოფიციალური პირებიც.

შეგახსენებთ, რომ აშშ-რუსეთის შეხვედრა გუშინ, საუდს არაბეთში 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი