მარნეულში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა "ნაციონალური მოძროაბის" საოლქო კომისიის წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს. დამატებითი დეტალები ამ თემაზე ცოტა ხანში, შსს-ს ბრიფინგიდან გახდება ცნობილი.
ქველაძე სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დააკავეს. რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან წინასაარჩევნოდ აგიტაციის ან კამპანიის დროს ძალადობას, ძალადობის მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ლაშა ქველაძემ დაკავება დღეს, 4 ოქტომბერს დილით თავადაც არ გამორიცხა. მან "მთავართან" საუბარში აღნიშნა, რომ ამ ფორმით ხელისუფლება აქტივისტების დაშინებას და გაჩუმებას ცდილობს.
აქვე, მარნეულის ინციდენტის მთავარი ფიგურანტი და საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე ამ დრომდე არ დაუკითხავთ. ინციდენტისას დაზარალებულები და ოპოზიციის წევრები კი ითხოვენ, რომ გიორგაძე სასწრაფოდ დაიბარონ შესაბამის უწყებაში, რადგან სწორედ ის გასცემდა თავდასხმის ბრძანებებს.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დააკავა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მარნეულში 29 სექტემბერს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, "მთავარი არხის" 4 თანამშრომელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფს.