საფრანგეთი და ბრიტანეთი უკრაინაში სამხედრო დელეგაციას გაგზავნის | პარიზის სამიტის შედეგები და ლიდერების განცხადებები

გამოქვეყნდა:

საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო უახლოეს დღეებში უკრაინაში ერთობლივ სამხედრო დელეგაციას გაგზავნის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში, უკრაინის მხარდამჭერი სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 "მსურველთა კოალიციის" დასრულების შემდეგ, მაკრონმა აღნიშნა, რომ კოალიციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებს დაევალებათ, სამი კვირის ვადაში მოამზადონ წინადადებები, თუ როგორ შეიძლება მოხდეს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი.

რაც შეეხება სამხედრო მისიას, მაკრონის თქმით, ფრანგი და ბრიტანელი სამხედროები უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად იმუშავებენ "რათა დაეხმარონ მათ მომავლის დაგეგმვაში".

გუნდი ყურადღებას გაამახვილებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მომზადებაზე.

სამშვიდობო ძალებზე საუბრისას კი მაკრონმა განაცხადა, რომ ისინი ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში არიან. მისივე თქმით, გაგზავნის შემთხვევაში არ განლაგდებიან კონტაქტის ხაზზე და იმუშავებენ, როგორც შემაკავებელი ძალა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.

ევროპელი ლიდერები თანხმდებიან, რომ ახლა რუსეთისთვის სანქციების მოხსნის დრო არ არის. 

ახლა არ არის სანქციების მოხსნის დრო, პირიქით - განაცხადა სამიტის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა კირ სატრმერმა ჟურნალისტებთან.

„პირველი, დიდი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაზეა... მეორე, აბსოლუტური სიცხადე, რომ ახლა არ არის დრო სანქციების მოხსნის, პირიქით“, - თქვა სტარმერმა.

იგივე პოზიციაზეა გერმანიის კანცლერი -  „სანქციების მოხსნას აზრი არ აქვს, სანამ მშვიდობა არ იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ შორს ვართ ამისგან”, - ამბობს ოლაფ შოლცი.

უკრაინის პრეზიდენტმა დღეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა სამიტის მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის საფრანგეთის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს. ზელენსკი ამბობს, რომ სანქციები არ უნდა მოიხსნას,ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს ომს.

"რუსეთი ძალიან ხშირად არღვევს თავის დაპირებებს... სანქციები უნდა დარჩეს მანამ, სანამ აგრესია და ოკუპაცია გაგრძელდება. ყველა თქვენგანს გთხოვთ, არ შეცვალოთ გადაწყვეტილება და იმუშაოთ ჩვენს სხვა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნა ზელენსკიმ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს დაზვერვის ინფორმაცია გააცნო, ოკუპანტისგან მოსალოდნელი ახალი მასირებული თავდასხმების შესახებ:

"ჩვენი დაზვერვის თანახმად, რუსეთი ემზადება ახალი თავდასხმებისთვის სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე. ისინი აჭიანურებენ მოლაპარაკებებს და ცდილობენ აშშ გაუთავებელ, უაზრო დისკუსიებში ჩაიყოლონ ცრუ "პირობების" შესახებ, რათა დრო მოიგონ და შემდეგ კიდევ უფრო მეტი მიწა წაგვართვან", - აღნიშნა ზელენსკიმ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი