შინაგან საქმეთა სამინისტროში მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე და ამ ინციდენტში მონაწილე პირთა დაკავების საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილის, ლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, უწყება არ დაუშვებს  საარჩევნო პორცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრი რეაგირება ექნება სამართალდარღვევის ფაქტებზე.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე 29 სექტემბერს მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1987 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" აქტივისტი და 1977 წელს დაბადებული შპს მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის ხელმძღვანელი, რომლებმაც იძალადეს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს მათ.

ასევე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე 27 სექტემბერს ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია 1986 წელს დაბადებული "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი, რომელმაც ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა პარტია "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს.

საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ასევე, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომელმაც საარჩევნო კომისიის თანამშრომელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, - წერია უწყების განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბორცვაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების მთელი ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მიზნით, გამოთქვამენ მზაობას ითანამშრომლონ ყველა დაინტერესებულ უწყებასთან, მათ შორის, სახალხო დამცველთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი