პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი საერთაშორისო მმართველობა უნდა დამყარდეს | განცხადებას თეთრი სახლი გამოეხმაურა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ უკრაინაში დროებითი საერთაშორისო მმართველობა უნდა დამყარდეს, რომლის ეგიდითაც ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება.

"პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა, გაეროს, აშშ-ის, ევროპის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა ჩვენ პარტნიორებთან და მეგობრებთან განგვეხილა უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობა, იმისთვის რომ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს," - როგორც პროპაგანდისტული "რია ნოვოსტი" იუწყება, ამის შესახებ პუტინმა არხანგელსკის ატომური წყალქვეშა ნავის მეზღვაურებთან საუბრისას განაცხადა.

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, სწორედ ასეთ მთავრობასთან ერთად იქნება შესაძლებელი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება და „ლეგიტიმური დოკუმენტების ხელმოწერა, რომლებიც აღიარებული იქნება მთელ მსოფლიოში და იქნება სანდო“.

პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარებულა, ქვეყნის კონსტიტუციით კი ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლებს პრეზიდენტი ნიშნავს, ამიტომ თუ პრეზიდენტი არალეგიტიმურია, ლეგიტიმაცია არ აქვთ სხვებსაც.

„ამიტომ, გაუგებარია ვისთან უნდა მოეწეროს ხელი რაღაც დოკუმენტებს და რა ძალა აქვთ მათ, რადგან ხვალ არჩევნებით მოვლენ სხვა ხელმძღვანელები“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მზადაა ევროპასთან სამუშაოდ, თუმცა დაამატა, რომ ევროპელები რუსეთის მოტყუებას ცდილობენ.

რაც შეეხება უკრაინას, პუტინმა ერთ-ერთ პრობლემად აზოვი დაასახელა, რომელიც მისი თქმით, დე ფაქტო ძალაუფლებას იძენს.

პუტინის განცხადებებს თეთრი სახლი გამოეხმაურა. საიდანაც მას შეახსენეს, რომ უკრაინაში ხელისუფლებას ხალხი ირჩევს, ამიტომ „დროებით მმართველობაზე“ საუბარიც კი ვერ იქნება.

„უკრაინის ხელისუფლება განისაზღვრება მისი კონსტიტუციით და ქვეყნის ხალხით“, - განუცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Reuters-ს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი