უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-თან კრიტიკული მინერალების შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას დაემუქრება. შესაბამისი განცხადება ზელენსკიმ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ზელენსკის თქმით, დღეს ამერიკისგან შეთანხმების ვარიანტი ოფიციალურად მიიღეს. ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ გარკვეული დროის წინ ვიცეპრეზიდენტმა, იულია სვირიდენკომ აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან კონტაქტის დროს შეთანხმების ვარიანტი მიიღო, თუმცა პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს საბუთები უნდა შეადარონ ერთმანეთს.
"მე მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. თქვა, რომ რთულია რამე კომენტარის გაკეთება, რადგან ეს სულ სხვა დოკუმენტია, ბევრი რამ არის, რაზეც წინა ვერსიაში საუბარი არ ყოფილა. ასევე დაემატა გარკვეული საკითხები, რომლებზეც მხარეებმა მანამდე უარი თქვეს...
უკრაინის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ჩვენი კურსი ევროკავშირია... არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და შესაბამისი ნაბიჯები. ვერაფერი დაემუქრება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ შესაძლოა ასე აღიქვან", - თქვა ზელენსკიმ.