აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NBC news-თან საუბრისას განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე "ძალიან გაბრაზებულია", რადგან მან ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა გააკრიტიკა. ამის გამო კი ტრამპი მოსკოვს ნავთობზე ტარიფების დაწესებით ემუქრება.
"თუ მე და რუსეთი ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო - რაც შეიძლება არ იყოს - მაგრამ თუ მე ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, მე ვაპირებ მეორადი ტარიფების დაწესებას ნავთობზე, ყველა ნავთობზე, რომელიც რუსეთიდან გამოდის.
ეს იქნება ის, რომ თუ თქვენ იყიდით ნავთობს რუსეთიდან, თქვენ ვერ შეძლებთ ბიზნესის კეთებას შეერთებულ შტატებში. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25%-იანი ტარიფი," - განაცხადა ტრამპმა NBC news-თან სატელეფონო საუბრისას.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პუტინმა მისი გაბრაზების შესახებ იცის და აღნიშნა, რომ "მასთან [პუტინთან] ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს" და "ბრაზი სწრაფად ქრება... თუ ის სწორად მოიქცევა".
მისივე თქმით, ის პუტინთან საუბარს ამ კვირაში კიდევ ერთხელ აპირებს.