უკრაინა დაჟინებით მოითხოვს მისი უსაფრთხოების ძლიერ და გრძელვადიან გარანტიებს და აცხადებს, რომ არ მიიღებს რუსეთის არცერთ მოთხოვნას, რომელიც მას სუსტსა და დაუცველს დატოვებს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
"რუსეთის მოთხოვნები და ულტიმატუმები წლების განმავლობაში უცვლელია.
რუსეთს სურს შეზღუდოს უკრაინის არმია, თავდაცვის შესაძლებლობები, პარტნიორების სამხედრო დახმარება და დაბლოკოს უკრაინის წვდომა ნატოზე.
რუსეთის რიტორიკა ცხადყოფს მის ნამდვილ ზრახვებს. ყველა ამ მოთხოვნას ერთი საერთო აქვს: მოსკოვს სუსტი, დაუცველი უკრაინა სურს.
ეს არ ეხება ნატოს ან „უსაფრთხოებაზე შფოთვას“. ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთის უნარზე, გაანადგუროს უკრაინის სახელმწიფო, დაიკავოს მისი ტერიტორიები, ხელში ჩაიგდოს მისი მინერალური რესურსები და გამოიყენოს უკრაინის ადამიანური და სხვა პოტენციალი შემდგომი აგრესიისთვის. არ უნდა არსებობდეს ილუზია ამაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსკოვის რიტორიკა 2022 წლის დონემდე გამწვავდა. რუსეთი ცდილობს ისარგებლოს არსებული გეოპოლიტიკური მომენტუმით.
ჩვენ ვხედავთ რუსეთის ამ სტრატეგიას და არასოდეს დავთანხმდებით იმას, რაც უკრაინას სუსტსა და დაუცველს დატოვებს. პირიქით, რეალური და სამართლიანი მშვიდობა მოითხოვს მტკიცე და გრძელვადიან უსაფრთხოების გარანტიებს მის შესანარჩუნებლად." - წერს ანდრეი სიბიგა.
შეგახსენებთ, რომ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთვის, რუსეთმა წარმოადგინა მოთხოვნების ჩამონათვალი, მათ შორის, სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ არაერთი სანქციების შემსუბუქება. აშშ-მ განაცხადა, რომ შეისწავლის ამ მოთხოვნებს, ხოლო ევროპამ უარყო სანქციების შემსუბუქება.
პუტინმა კი სრული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებისთვის, მოითხოვა უკრაინაში მობილიზაციის შეჩერება და უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაიარაღება და კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა.