"რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს - აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია" | ზელენსკი სუმზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ სუმზე რუსების მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ეხმიანება და წერს, რომ ასე მოქცევა მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ და რომ "რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს".

"რუსული ბალისტიკური რაკეტების საშინელი დარტყმა სუმზე. მტრის რაკეტებმა დაარტყა ჩვეულებრივი ქალაქის ქუჩას, ჩვეულებრივ ცხოვრებას: სახლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ქუჩაში მანქანებს... და ეს ხდება იმ დღეს, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის: ბზობის კვირას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე.

წინასწარი მონაცემებით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. მხოლოდ არამზადებს შეუძლიათ ასე მოქცევა - უბრალოდ ადამიანებს სიცოცხლე წაართვან. ვუსამძიმრებ ოჯახებს და ახლობლებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სერვისი მუშაობს.

მსოფლიოს მხრიდან ძლიერი რეაგირებაა საჭირო - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროპის, მსოფლიოში ყველასი, ვისაც ამ ომისა და მკვლელობების დასრულება სურს. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. მოლაპარაკებებმა ვერასდროს შეაჩერა ბალისტიკური იარაღი და საჰაერო ბომბები. ჩვენ გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინასთან ერთადაა და გვეხმარება სიცოცხლის დაცვაში," - წერს ზელენსკი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილას რუსეთი ქალაქ სუმს ბალისტიკური რაკეტებით დაესხა თავს, შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი