"დიდი ქრისტიანული დღესასწაულის, ბზობის კვირა დღეს, რუსულმა ჯარებმა კაცობრიობის წინააღმდეგ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინეს: ქალაქ სუმის ცენტრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს. დაიღუპა და დაშავდა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.
ბრძოლის ველზე სტრატეგიული მარცხის შემდეგ, მტერი ჩვეულ ტაქტიკას უბრუნდება - ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ომის კანონებსა და წესებს.
რუსეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ის არ ეძებს მშვიდობას. მისი მიზანი შიშის დათესვაა, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენს გაბრაზებას და შეუქცევად ანგარიშსწორებას მიიღებს.
ჩვენი პასუხი იქნება მკაცრი. ჩვენ გავანადგურებთ დამპყრობლებს, მათ სამხედრო ობიექტებს, იარაღსა და აღჭურვილობას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი. რუსეთის სამხედრო დანაშაულები უვადოა. დამნაშავეებმა დამსახურებული სასჯელი უნდა მიიღონ.
დიდება უკრაინას!"
ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში, რომელიც სუმიზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის განახლებული ინფორმაციით, სუმიზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა. დაშავებულია 117, მათ შორის 15 ბავშვი. დაშავებულთაგან 8 მძიმე მდგომარეობაშია.