ელისეის სასახლეში უკრაინის, აშშ-ისა და ევროპული დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

პარიზში, ელისეის სასახლეში უკრაინის, ამერიკისა და ევროპის დელეგაციებს შორის, მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

შეხვედრას ესწრებიან აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი.

უკრაინის დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ.

მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობენ საფრანგეთის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ემანუელ ბონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ჯონათან პაუელი და გერმანიის კანცლერის მრჩეველი იენს პლოტნერი.

მოლაპარაკებების მანდატი არ მოიცავს ტერიტორიული საკითხების განხილვას, როგორც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მცდელობების ნაწილს - განუცხადა ამ თემასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს კიევში. 

ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრის შესახებაც ისაუბრა. 

„პრეზიდენტ მაკრონთან განვიხილეთ, რომ ჩემს გუნდს და მის გუნდს არ აქვთ მანდატი, განიხილონ უკრაინის ტერიტორია“, - ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.

უკრაინის დელეგაციის მანდატი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის საკითხის განხილვას, მათ შორის სხვადასხვა ფორმატში.

პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ უკრაინა მზადაა უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, რაც არაერთხელ გაცხადებულა აშშ-ის წინადადების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი