"დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო საჩუქარი მოუტანოს და ჩართულ მხარეებს შთააგონოს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად" | რომის პაპის სააღდგომო მიმართვა

გამოქვეყნდა:

"დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართულ მხარეს შთააგონოს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად", - ამის შესახებ რომის პაპ ფრანცისკეს სააღდგომო მიმართვაშია საუბარი. 

როგორც უცხოური მედია წერს, რომის პაპმა დღეს ვატიკანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და უთხრა: "ძმებო და დებო, გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს", ამის შემდეგ კი მისი მიმართვა მისმა თანაშემწემ წაიკითხა.

"მინდა, განვაახლოთ იმედი, რომ მშვიდობა შესაძლებელია! წმინდა საფლავიდან, აღდგომის ტაძრიდან, სადაც წელს აღდგომას კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთსა და იმავე დღეს აღნიშნავენ, მშვიდობის შუქმა გაანათოს წმინდა მიწა და მთელი მსოფლიო. გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას პალესტინასა და ისრაელში ქრისტიანების ტანჯვისადმი, მთელი ისრაელისა და პალესტინელი ხალხის მიმართ... მოვუწოდებ მხარეებს, გამოაცხადეთ ცეცხლის შეწყვეტა, გაათავისუფლეთ მძევლები და დაეხმარეთ ხალხს, რომელიც მშვიდობისკენ ისწრაფვის... 

ვილოცოთ ლიბანისა და სირიის ქრისტიანული თემებისთვის, რომლებიც ახლა ისტორიის რთულ და გარდამტეხ პერიოდს გადიან. ისინი თავიანთი ერებისთვის სტაბილურობისთვის იბრძვიან... მე განსაკუთრებულად ვფიქრობ იემენის ხალხზე, რომელიც, ომის გამო, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ და ხანგრძლივ ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. მოვუწოდებ ყველას, კონსტრუქციული დიალოგის მეშვეობით, გადაწყვეტილებები იპოვონ. 

დაე, აღმდგარმა ქრისტემ ომისგან განადგურებულ უკრაინას სააღდგომო მშვიდობიანი საჩუქარი მოუტანოს და ყველა ჩართული მხარე წაახალისოს, შთააგონოს თითოეულ მათგანს, გააგრძელონ ძალისხმევა სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. 

ამ სადღესასწაულო დღეს სამხრეთ კავკასია გავიხსენოთ და ვილოცოთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება მალე შედგეს, რაც რეგიონში დიდი ხნის ნანატრ შერიგებას გზას გაუხსნის. 

დაე, აღდგომის შუქმა შთააგონოს დასავლეთ ბალკანეთში ჰარმონიის ხელშეწყობის მცდელობები და მხარი დაუჭიროს პოლიტიკურ ლიდერებს დაძაბულობისა და კრიზისების შემსუბუქების მცდელობებში... მკვდრეთით აღმდგარმა ქრისტემ მშვიდობა და ნუგეში მიანიჭოს ძალადობისა და კონფლიქტის მსხვერპლ აფრიკელ ხალხს, განსაკუთრებით კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სუდანსა და სამხრეთ სუდანში...

არ შეიძლება იყოს მშვიდობა რელიგიის თავისუფლების, აზრის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლებისა და სხვათა შეხედულებების პატივისცემის გარეშე..." - ნათქვამია რომის პაპ ფრანცისკეს სააღდგომო მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპი ფრანცისკე თითქმის ორი თვის განმავლობაში, ფილტვების ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით, კლინიკაში იმყოფებოდა. საავადმყოფოდან ის ცოტა ხნის წინ გამოწერეს, რის შემდეგაც მისი საჯაროდ გამოჩენები შემცირებულია - საზოგადოების წინაშე ის სულ რამდენჯერმე გამოჩნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი